პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს
პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი „ჰამასს“ იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აბასის თქმით, „ჰამასს“ არ ექნება რაიმე როლი ღაზის მმართველობაში.

„რაც ჩვენ გვსურს, ეს არის ერთი გაერთიანებული სახელმწიფო, იარაღის გარეშე“, – განაცხადა აბასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის დასრულებიდან სამი თვის განმავლობაში დაიწერება დროებითი კონსტიტუცია, რათა ძალაუფლების გადაცემა სწორად და კანონის ფარგლებში განხორციელდეს, შემდეგ კი ჩატარდება არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეობის პირობებში, ხოლო მისი მიზანი კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოა.

აბასმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ 149 ქვეყანას, რომლებმაც უკვე აღიარეს პალესტინის სახელმწიფო და მოუწოდა დანარჩენებსაც, იგივე ნაბიჯი გადადგან.

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერმა, ასევე, გამოხატა მზადყოფნა, იმუშაოს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან, საუდის არაბეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა განხორციელდეს ყველა ის სამშვიდობო გეგმა, რომელიც გაერო-ში იქნება მიღებული.

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ განაცხადა. მაჰმუდ აბასი დისტანციურად ესწრებოდა სესიას, რადგან მას აშშ-ის ვიზა არ მისცეს.