პალესტინელი ექიმების ცნობით, ღაზის სექტორში ორ სკოლაზე საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს დაარტყეს

03:01, 09.08.2024

ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში მდებარე ორ სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ პალესტინელ სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს „ჰამასის“ სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს, რომლებიც განლაგებული იყო ღაზაში მდებარე აღნიშნულ ორ სკოლაში. ამასთან, ისრაელის მხარემ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.

„„ჰამასის“ ტერორისტები და მეთაურები სკოლების შენობებს იყენებდნენ, როგორც სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებს, საიდანაც ისინი გეგმავდნენ და ახორციელებდნენ თავდასხმებს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებსა და ისრაელის სახელმწიფოზე“, – აღნიშნავენ ისრაელელი სამხედროები.

თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ნანგრევების ქვეშ პალესტინელები გადარჩენილებს ეძებენ. დაშავებული მცირეწლოვნები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.

მსგავსი