პაკისტანური მართლმსაჯულება
პაკისტანური მართლმსაჯულება

ისლამის შეურაცხყოფაში ბრალდებული აზია ბიბი, რომელიც პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით გაამართლა, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ლაჰორის დეპარტამენტს უზენაესი სასამართლოს დადგენილება ოფიციალურად ჯერ არ მიუღია.

პაკისტანის უზენაეს სასამართლოს კი, აზია ბიბის საქმესთან დაკავშირებით, სულ მალე ახალი დოკუმენტის – პეტიციის განხილვა მოუწევს, რომელიც მისი გამართლებით განრისხებულმა პაკისტანელებმა შეადგინეს. ამჯერად რელიგიის შეურაცხყოფით აღელვებული მოქალაქეები, უზენაესი სასამართლოსგან მოითხოვენ, აზია ბიბის ქვეყნის დატოვების უფლება შეეზღუდოს.
ანგარიშსწორების საფრთხის გამო, აზია ბიბის მეუღლე, აშიქ მასიჰი აშშ-ის პრეზიდენტს, დიდი ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებს მიმართავს და ქვეყნიდან ოჯახის გაყვანაში დახმარებასა და თავშესაფრის მინიჭებას სთხოვს.

საფრთხე რომ რეალურია, ამას პაკისტანში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც მოწმობს. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში აზია ბიბის სიკვდილით დასჯის მოთხოვნით, 3- დღიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ოფიციალურმა ისლამაბადმა კი, თავდაპირველი მკაცრი ტონი შეარბილა და განრისხებული მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მათთან გარიგებაზე წასვლა არჩია.

რას ითვალისწინებს შეთანხმება:

• პროტესტის დასრულებას.
• აქციის დროს დაკავებული აგრესიული მოქალაქეების გათავისუფლებას.
• მთავრობა არ დაბლოკავს უზენაესი სასამართლოს დადგენილების გადახედვას.
• აზია ბიბის ქვეყნიდან გასვლა აეკრძალება.

ქრისტიანული აღმსარებლობის აზია ბიბი მკრეხელობასა და ღვთის გმობაში 2009 წლის ივნისში თანასოფლელმა ქალებმა დაადანაშაულეს. მას შემდეგ, რაც მინდორში მუშაობისგან დაღლილმა წყლის დალევა იმავე თასით მოინდომა, რომლითაც მუსლიმი ქალები სვამდნენ. აზია ბიბის მიერ ისლამური რელიგიის მიმართ გამოთქმული შენიშვნა თანასოფლელებმა წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფად მიიღეს და ქალი დაასმინეს.

2010 წელს სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა შეუფარდა. საქმე რამდენიმე სასამართლო ინსტანციამ განიხილა და ყველა მათგანმა განაჩენი ძალაში დატოვა, ვიდრე უზენაესმა სასამართლომ აზია ბიბის გათავისუფლების დადგენილება არ მიიღო.
აზია ბიბის მხარდაჭერისთვის 2011 წელს პუნჯაბის გუბერნატორი და უმცირესობების მინისტრი მოკლეს.