პაკისტანში ბოლო თვეების განმავლობაში წყალდიდობებს 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში ბოლო თვეების განმავლობაში წყალდიდობებს 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში ივნისიდან ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობებს 1 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ძლიერ წვიმა პაკისტანის მთელ ტერიტორიაზე ივნისიდან მოყოლებული ნარჩუნდება, რის შედეგადაც, ქვეყნის თითქმის ყველა დიდი და პატარა მდინარე გადმოსულია კალაპოტიდან, რამაც ასობით სოფლისა და ქალაქის დატბორვა გამოიწვია. განადგურებული და დაზიანებულია მილიონობით საცხოვრებელი სახლი თუ სხვა შენობა.

ბოლო მონაცემებით, წყალდიდობების შედეგად 1 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ქვეყნის პრემიერის თქმით, მარტო გასულ 24 საათში მსხვერპლთა რიცხვი 45-ით გაიზარდა.

სულ წყალდიდობების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 33 მილიონს აჭარბებს, რაც პაკისტანის მოსახლეობის 15 პროცენტზე მეტია.

ამასთან, განადგურებულია 2 მილიონ აკრზე მეტი დამუშავებული მიწა, 3000 კილომეტრზე მეტი გზა და 150-მდე ხიდი.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ დრომდე მიმდინარეობს დაზარალებული ადგილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. უპრეცენდენტო ზარალისა და რთული ვითარების გამო, ქვეყნის მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს დახმარების თხოვნით.

ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, მიმდინარე წყალდიდობების მასშტაბები 2010 წლის წყალდიდობის მსგავსია, რომლის დროსაც 2 000-მდე ადამიანი დაიღუპა და თითქმის ქვეყნის მეხუთედი იყო დატბორილი.