პაატა მანჯგალაძე - ვინმე თუ ახდენს ორკესტრირებას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, რომ ხელისუფლებასთან რაღაც შეთქმულებაზე შეიძლება წავიდნენ, ეს აზიანებს საერთო ოპოზიციურ ფორმატს
პაატა მანჯგალაძე - ვინმე თუ ახდენს ორკესტრირებას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, რომ ხელისუფლებასთან რაღაც შეთქმულებაზე შეიძლება წავიდნენ, ეს აზიანებს საერთო ოპოზიციურ ფორმატს

ვინმე თუ ახდენს ორკესტრირებას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, რომ ხელისუფლებასთან რაღაც შეთქმულებაზე შეიძლება წავიდნენ, ეს აზიანებს საერთო ოპოზიციურ ფორმატს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საპარლამენტო სიის მესამე ნომერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.

„ძალიან მარტივი და მკაცრი პოზიცია გვაქვს ჩვენ. საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე არავინ არსად შესვლას არ აპირებს, მათ შორის ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ყველა წარმომადგენელი. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე უარს ვამბობთ სადეპუტატო მანდატებზე. მაგრამ ეს აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს შესვლასთან დაკავშირებით. საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე არ მგონია, ვინმე შევიდეს პარლამენტში“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ამასთან, მანჯგალაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროების წინააღმდეგნი არ არიან. მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომლის თანახმადაც, „​​მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკოსებზე ბულინგი ხორციელდება გარკვეული პირების მხრიდან და მოითხოვენ, ახლავე გასაჯაროვდეს მოლაპარაკების დეტალები“.

„დეტალების გასაჯაროების წინააღმდეგნი ნამდვილად არა ვართ ჩვენ, მაგრამ აქ არის ძალიან მარტივი საკითხი. რომელი პარტიის ხალხია და რომელი პარტიის მხარდამჭერები არიან, მაინტერესებს მე ვინც თავის ლიდერს არ ენდობა მოლაპარაკების პროცესში? მე მაქვს ასეთი კითხვა. დანარჩენი გასაჯაროება რომ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა. აქ არის ფორმატი და ამ ფორმატიდან გამომდინარე, რათა არ დაზიანდეს საერთო ინტერესი, ეს შეთანხმება არის ელჩების თხოვნით და დიპლომატებისთვის ანგარიშს არ გაწევა ამ კონკრეტულ მომენტში, როცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ საერთო შეთანხმების მიღწევას არასწორი იქნება“, – აცხადებს მანჯგალაძე.

ამასთან, შეკითხვაზე, თუ „რა ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს ეს ბულინგი“, აცხადებს: „მე უბრალოდ, ამ მოლაპარაკების ფონზე არ მინდა, ვისაუბრო ოპოზიციაში არსებულ პრობლემებზე. ჩვენთვის უფრო მთავარია ქვეყანაში არსებული რეალობა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები. მე ეს უფრო მაინტერესებს ამწუთში, ვიდრე ვინმეს მიერ ორგანიზებული კამპანია ოპოზიციის შიგნით. ამით მე იმისი თქმა მინდა, რომ თუ ვინმე ახდენს ორკესტრირებას ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, რომ რაღაც შეთქმულებაზე შეიძლება წავიდნენ ხელისუფლებასთან, ეს აზიანებს საერთო ოპოზიციურ ფორმატს და პროცესს და ვფიქრობ, შეიძლება იყოს ორკესტრირებული, შეიძლება ინტერესების დამთხვევაც იყოს. არ მინდა ამ განსხვავებებზე აქცენტირება. ეტყობა, არსებობს სხვადასხვა ხედვები მიზნის მიღწევის მიზანთან დაკავშირებით და აქედან არის გამოწვეული“, – აცხადებს ის.

ოპოზიციურ პარტიებში პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კი, მანჯგალაძე ამბობს: „ძირითადად, შეიძლება იყოს სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის იმდენად ფუნდამენტური, რომ ოპოზიციურ ერთობას ზიანი მიაყენოს. მთავარი ამოცანა არის „ქართული ოცნების“ მალე ჩამოშორება და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ქვეყანაში ამ გზების თაობაზე შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა“.