პაატა მანჯგალაძე - ვერ ვხვდები, რა გავლენა აქვს არესტოვიჩს ან საქართველოსთვის რა პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის
პაატა მანჯგალაძე - ვერ ვხვდები, რა გავლენა აქვს არესტოვიჩს ან საქართველოსთვის რა პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის

ვერ ვხვდები, რა გავლენა აქვს არესტოვიჩს ან საქართველოსთვის რა პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განუცხადა. მან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ გააკეთა კომენტარი.

„საქართველოში ამ ადამიანის განცხადებების წამოწევა ხელოვნურად ხდება. არესტოვიჩი არის უკრაინის თანამდებობის პირი და უკრაინის პატრიოტი, რომელიც, რაც მიაჩნია სწორად, თავისი გადმოსახედიდან აკეთებს განცხადებებს. საქართველოს პატრიოტები იმიტომ ვართ, რომ გადავწყვიტოთ, რა არის მისაღები და რა არა. მესმის, რომ შეიძლება, სიტყვა გაექცა და უფრო მოზომილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე, არესტოვიჩის კრიტიკას არ ვაპირებ.

საქართველოს კრიტიკის საფუძველია ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები, რამაც გამოიწვია დაძაბულობა და გაუგებრობა დასავლელ პარტნიორებში, საქართველო რამდენად ერთგულია დასავლური არჩევანის, რადგან საქართველო ორმაგი დანიშნულების ტვირთებს თუ გაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ალიანსში რუსეთთან ვართ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.