პაატა მანჯგალაძე - სენატში განხილვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს არა ხელისუფლებას და რომელიმე პარტიას, არამედ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს
პაატა მანჯგალაძე - სენატში განხილვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს არა ხელისუფლებას და რომელიმე პარტიას, არამედ საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს

სენატში განხილვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს არა ხელისუფლებას და რომელიმე პარტიას, არამედ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, – განაცხადა თემის კომენტირებისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, გზავნილები, რომელიც გაკეთდა, ემსახურება უფრო მეტი დემოკრატიისა და თავისუფლების ინტერესს.

„ძირითადი გზავნილი იყო, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას; მართლმსაჯულება უზურპირებულია ოლიგარქის მიერ, ესეც მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ არ გვაქვს თავისუფალი მართლმსაჯულება; ოპოზიციური ლიდერის დაკავება უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის თვალსაზრისით. რომ აკავებენ ლიდერებს, ეს რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს; ქვეყანაში რომ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება და პოლიტიკური კრიზისი გრძელდება, ეს შეაფერხებს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს ნატო-ში.

ეს არის საგანგაშო განცხადება, საგანგაშო გზავნილი. რაც უნდა შეეცადოს ხელისუფლება, თავის გამარჯვებად გამოაცხადოს ეს ყველაფერი, არ გამოვა, ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის და კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს ყველას – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისისგან, ვიპოვით გზები კომპრომისებისკენ.

ახლა მთავარია, რაც შეიძლება, მალე მოვაგვაროთ კრიზისი და გადავერთოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, პარლამენტში შევიდეთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა საპარლამენტო მუშაობაზე იმ პირობით, რომ შევთანხმდებით ვადამდელი არჩევნების საკითხზე, რომელიც გამორიცხავს მომავალში ერთპარტიული ავტოკრატიის მმართველობას ქვეყანაში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.