პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია, ხუთი ნომრის გარშემო გაერთიანების მომხრე არ ვართ
პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია, ხუთი ნომრის გარშემო გაერთიანების მომხრე არ ვართ

სრული აბსურდია, რომ სადმე ტრენინგზე იგეგმება ღიად, 100-მდე ადამიანის თანდასწრებით რაიმე შეთქმულება ან გადატრიალება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა ბაკურიანში არასამთავრობოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის ტრენინგთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„აბსურდია. ეს რომ პროპაგანდისტულ მიზნებს არ ემსახურებოდეს, ახლა უკვე საქმის გამოძიება დაწყებული იქნებოდა და კონკრეტულ ადამიანზე, ვისზეც ეჭვი აქვთ, ძებნას გამოაცხადებდნენ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გეგმაზე ციხეში პოლიტიკური კონსულტაციები დაიწყო.

„რაც შეეხება სააკაშვილის შეთავაზებას და გადაწყვეტილებას, ძალიან ცუდია, თუ საერთო ფრონტზე საუბრობს ვინმე და ამას აკეთებს კონსულტაციის გარეშე. ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. გაერთიანების მომხრე ერთ პარტიაში და 5 ნომრის გარშემო არ ვართ. ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესი, რომ ყველას დაარქვას „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიებს შირის განსხვავებები გააქროს. ამ თამაშში ჩვენ ვერავის ვერ ავყვებით, მაგრამ კოორდინაცია რომ არის საჭირო ოპოზიციას შორის, ეს ფაქტია და ჩვენ ამ კოორდინაციას მივესალმებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნებისთვის უნდა იყოს მზადება და არა წინასწარი განცხადებები.

„რიგგარეშე არჩევნების იდეა არც არასდროს არ მოგვიხსნია დღის წესრიგიდან, მაგრამ რიგგარეშე არჩევნები ეწყობა არა წინასწარ გაკეთებული განცხადებებით, არამედ ამისთვის ხდება მზადება, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შესაბამისად ხდება. წინასწარ დაანონსება და მუდმივ რევოლუციურ ციკლში ქვეყნის ცხოვრება, ეს არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ შემდეგ ადამიანებისგან, რომელსაც უნდათ მეტი რეფორმა და მეტი განვითარება, გამოიყვანოს რევოლუციონერები, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის ცუდი უნდათ. ამის საშუალება ოპონენტს არ უნდა მივცეთ. ყველამ ერთად ისეთი სიტუაცია უნდა შევქმნათ, რომ ლოგიკური იყოს კრიზისიდან გამომდინარე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. წინასწარ ხელების მოღერებას და მუშტების ქნევას აზრი არ აქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.