პაატა მანჯგალაძე - მე ვერ გეტყვით, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში, თუ გამოირკვევა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ მიზეზით შეეშალა ხელი
პაატა მანჯგალაძე - მე ვერ გეტყვით, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში, თუ გამოირკვევა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ მიზეზით შეეშალა ხელი

მე ვერ გეტყვით, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში, თუ გამოირკვევა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს „ქართული ოცნების“ მიზეზით შეეშალა ხელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ერთია პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც ცალკეულ პარტიებს აქვთ და მეორე არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. პირდაპირ გეტყვით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რომ ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ნამდვილად არის ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მე ვერ გეტყვით, რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში, თუ გამოირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ მიზეზით ამას შეეშალა ხელი, რადგანაც შესაბამისი რეფორმა არ არის და ხელისუფლებამ არ იმუშავა ამ მიმართულებით. არათუ იმუშავა, პირიქით, ხელი შეუშალა ამ პროცესს. თუ ეს იქნება აშკარა და ნათელი, მე არ ვიცი, რა პროცესი შეიძლება, ამას მოჰყვეს; რადგან საქართველო ცივილიზაციურად, არა ასწლეულები, ათასწლეულებია, იღწვის იმისთვის, რომ ჰქონდეს თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც არის ევროპის კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი, მათ შორის, ქრისტიანული კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამ განცხადებით პაატა მანჯგალაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რისი მიღწევა სურს ქუჩის პროტესტით ოპოზიციას და არის თუ არა თანხვედრაში ოპოზიციის ნაწილის გეგმები საზოგადოების განწყობებთან და საჭიროებებთან.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიმართ ხელისუფლების განცხადებები უჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება წინასწარ, პრევენციულად იგებს დროს, რომ თუ მიღებაზე უარს გვეტყვიან, ეს ოპოზიციას გადააბრალონ.

„მე სხვა ეჭვები მაქვს და არ მინდა, ეს ეჭვები გამართლდეს. „ქართულ ოცნებას“ აქვს გარკვეული სიგნალები დასავლეთისგან, რომ ჩვენგან ითხოვენ უფრო მეტ რეფორმას, მათ შორის, მართლმსაჯულების, პოლიტიკურ დევნაზე უარის თქმის მიმართულებით, სისტემის რეფორმირების კუთხით, საკონსტიტუციო ცვლილებას ვგულისხმობ, დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ასეთი კითხვები შეიძლება, არსებობდეს და „ქართული ოცნება“ წინასწარ აზღვევს და ეძებს განტევების ვაცს. ეს განტევების ვაცი არის მტერი, ე.წ. ხალხის მტერი, ბოლშევიკური ტერმინი, რომელიც არ მიყვარს და ამის გამოყენებას „ქართულ ოცნებასთანაც“ კი ვერიდები, როცა აშკარად ვხედავ, რომ საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ. ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის დასადანაშაულებლად განცხადებები რომ კეთდება, ეს ეჭვს მიჩენს, რომ წინასწარ, პრევენციულად ხომ არ იგებენ დროს, რომ შემდეგ, თუ უარს გვეტყვიან, გარკვეული პირობებით მიგვიღებენ ან გარკვეულ პირობებს დაგვიწესებენ, მერე თქვან, ჩვენ კი ვიყავით მზად და ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ოპოზიციამ შეგვიშალა ხელიო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლება მუდმივად უნდა დადიოდეს დასავლეთში და აწყობდეს მაღალი დონის შეხვედრებს, მაგრამ ამას არ აკეთებს, რაც ეჭვებს აჩენს.

„მარტო ერთი წარმომადგენელი კი არ უნდა დადიოდეს? მარტო მაკა ბოჭორიშვილი დადის პარლამენტიდან, მე როგორც ვიცი. უმრავი ჯგუფი უნდა იყოს და დელეგაციები უნდა იყოს მთავრობის დონეზე. თუ დადიან, მაშინ რა ხდება, თუ ოპოზიცია ცუდ ინფორმაციას აძლევს, ვერ ვაქარწყლებთ და დასავლელ პარტნიორებს ინფორმაციას ვერ ვაწვდით? ჩვენ ხომ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ უამრავი ლობისტი ჰყავს დაქირავებული და ეს ხალხი სად არის? ამაში ფულს იხდიან ბიუჯეტიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.