პაატა მანჯგალაძე - ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, ვის ვინ უნდა შეურიგდეს, პატარა ბავშვები არ ვართ, არ ვართ გაბუტული, უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი
პაატა მანჯგალაძე - ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, ვის ვინ უნდა შეურიგდეს, პატარა ბავშვები არ ვართ, არ ვართ გაბუტული, უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი

სალომე ზურაბიშვილის განცხადება დროული და საინტერესოა, მაგრამ მხოლოდ განცხადებად არ უნდა დარჩეს, კონკრეტული შინაარსის მიცემა უნდა, – ასეთ კომენტარს აკეთებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ სამიტზე გაკეთებულ განხცხადებაზე: „პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

პაატა მანჯგალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, პირადად ჩაერთოს ასეთ პროცესში.

„მზად ვარ, მსგავს პროცესში ჩავერთო, როგორც ერთი მოქალაქე, ამისი საჭიროება თუ იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეროვნული შერიგება ცოტა რთული თემაა, ვის ვინ უნდა შეურიგდეს; პატარა ბავშვები არ ვართ, გაბუტულები არ ვართ, აქ უფრო ეროვნულ თანხმობაზეა საუბარი; იმ ვალდებულებაზე, რომ შევთანხმდეთ, ერთმანეთის განადგურება არ გვინდა. იდეა ის არის, რომ ერთად უფრო ბევრს მივაღწევთ, ვიდრე დაპირისპირებულები.

რაც შეეხება „ქართულ ოცნების“ პოზიციას, ჩემთვის გაუგებარია, საუბარია მონანიებაზე, მიტევებაზე, მუხლებზე დგომაზე, მეტანიების კეთებაზე, ასეთი პირობების დაყენებით თანხმობა არ გამოვა. ყველანაირი პირობის გარეშე უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ, რაზე შეგვიძლია შეთანხმება. ვალდებულება, რომ ერთმანეთი არ გავანადგუროთ, ეს მთავარი საკითხია. ვინაიდან არ ვიცი სხვა ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება, მე განწყობილი ვარ, რომ ამ პროცესში ჩავერთო, როგორც ერთი მოქალაქე, რადგან ყველა გზა და საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ერთმანეთისკენ მიგვიყვანს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოზიციის გაგება, ასევე პარტიის შიგნით პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პროცესში ვხედავ ძალიან დიდ შესაძლებლობას საქართველოსთვის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.