პაატა მანჯგალაძე - დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისთვის, მაგრამ ეს არასაკმარისია
პაატა მანჯგალაძე - დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისთვის, მაგრამ ეს არასაკმარისია

დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერა ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისთვის, მაგრამ ეს არასაკმარისია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა ჩავთვალოთ, როგორც პოზიტიური გზავნილი მოლაპარაკების პროცესში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ ამოიწუროს და შეთანხმება გაფორმდეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამ განცხადებით პაატა მანჯგალაძემ გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას უპასუხა, რატომ შეიცვალა „ქართული ოცნების“ პოზიცია ორი კვირის შემდეგ და რატომ გაჩნდა კრისტიან დანიელსონის დოკუმენტზე მათი ხელმოწერა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა აღნიშნა, 40%-იან ბარიერზე საუბარი არასერიოზულია, რადგან 40% არაფერს ნიშნავს. 

„ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ადასტურებს ეჭვს, რაც ჩვენ გვქონდა, რომ 48% კი არ აიღო, არამედ ბევრად ნაკლები და ახლა, ამ 40%-იანი ბარიერის დაწესება ჩვენს ამ ეჭვებს კიდევ ერთხელ ამყარებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა „სტრატეგია აღმაშენებელი“ დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერაზე, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ ხელმოწერის დადასტურების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, სადაც ისინი ოპოზიციას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებისთვის კარი დახურული არ არის და თუ „ქართულ ოცნებას“ შეთანხმება და პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნამდვილად გულწრფელად სურს, ერთმანეთისკენ გზები აუცილებლად გამოინახება.

„ამ განცხადებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მე მგონი, მოლაპარაკებისთვის კარი დახურული არ არის. თუ პოლიტიკური ნება არის და ეს არ არის პოლიტიკური თამაში, იმის მცდელობა, რომ ვიღაცას ჟარგონს გამოვიყენებ, „შევტენოთ“ მოლაპარაკების ჩაშლა და „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად გულწრფელად სურს შეთანხმება და პოლიტიკური კრიზისის დასრულება, დარწმუნებული ვარ, ამ გზებს აუცილებლად ვიპოვით ერთმანეთისკენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, ეს სჭირდება არა „სტრატეგია აღმაშენებელს“ ან რომელიმე პარტიას, რომ მანდატი ჰქონდეს, არამედ ქვეყანას.

„ჩვენ საერთოდ არ გვიდგას მანდატის საკითხი. საქმეს ისედაც ვაკეთებდით და გავაგრძელებთ პოლიტიკაში ჩვენს საქმიანობას. არსად წასვლას არ ვაპირებთ. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ქვეყანა ახალ დემოკრატიულ სტანდარტზე გადავიდეს, რომ დემოკრატია გახდეს ფუნქციონირებადი და არა ისეთი ფასადური, როგორიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.