პაატა მანჯგალაძე - არ ვაპირებ, პასუხი მოვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას, რომ ბოდიში მოიხადონ, არის გაუგებრობა, რომელიც მალე უნდა ამოვწუროთ
არ ვაპირებ, პასუხი მოვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას, რომ ბოდიში მოიხადონ, არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, ეს არის გაუგებრობა და რაც შეიძლება მალე უნდა ამოვწუროთ, – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას უკავშირებს საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მიერ წაყენებულ, ამ დრომდე დაუდასტურებელ ბრალდებას და ხედავს თუ არა კავშირს უკრაინის ხელისუფლების ბრალდებასა და იმ ფაქტს შორის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებენ, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობს.
„იმ სცენარით, რაზეც ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომ ის ხალხი, ვინც ჩვენთან ოპოზიციაშია, უკრაინაში ხელისუფლებაშია, გამოდის, თითქოს უკრაინასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს. ასე ირიბი მინიშნება გააკეთა, რომ 2008 წელს ომი იყო საქართველოში და უკრაინაშიც ომი იმიტომ არის, რომ „ნაციონალები“ არიან. შესაბამისად, თუ ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა, იქნება ომი. აი, ასეთი პრიმიტიული გათვლა აქვთ. ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენ არ იცი ისტორია ან იცი და მიზანმიმართულად აყალბებ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლების ბრალდებას ძალიან მარტივ რამეს უკავშირებს.
„როდესაც მთელი მსოფლიო საუბრობს სანქციებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დადგა და თქვა, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა – სანქციებზე საქართველოს არმიერთება გულისხმობს თუ არა ორმაგი დანიშნულების ტვირთების, მათ შორის მიკროჩიპებისა და ელექტრონული მოწყობილობების რუსეთისთვის მიწოდების, ანუ ტრანზიტულად გატარების შესაძლებლობას. ამიტომ განმარტება იყო საჭირო სასწრაფოდ, როგორც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გუშინ, დაგვიანებულად, მაგრამ სწორად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პაატა მაჯგალაძის თქმით, ამ ქვეყნის ბევრმა მოქალაქემ და მათ შორის, მან, პარლამენტის წევრმა არ იცოდა, გულისხმობდა თუ არა სანქციებზე არმიერთება შემდეგს – შესაძლებელი იყო თუ არა, ტრანზიტით გატარებულიყო მიკროჩიპები და ის ორმაგი დანიშნულების ტვირთი, რომელიც რუსეთს სამხედრო ტექნიკისთვის სჭირდება.
„როგორც კი ეს განმარტება გაკეთდა, მე ხელისუფლებასთან კითხვებიც არ მაქვს, არანაირი, ამ ნაწილში. ახლა მთავარია, ამ ყველაფერს საქმე მოჰყვეს, მათ შორის, სრულფასოვანი მონიტორინგი და უკრაინის მხარისგან ველოდები თუნდაც ოპერატიულ დონეზე ინფორმაციების გაცვლას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძემ ასევე განაცხადა, რომ დღეს უკრაინიდან გაქცეულია და ქვეყანაში არ არის რადას არც ერთი დეპუტატი, ვინც მშვიდობაზე, რუსეთთან ერთიან კულტურაზე, მართლმადიდებლობაზე საუბრობდა და ამ რიტორიკით ლაპარაკობდა, რადგან ისინი გაიშიფრნენ და ასეთი ადამიანები საქართველოშიც გაიშიფრებიან.
„ვინც მშვიდობის სახელით ლაპარაკობს, ვინც მშვიდობის სახელით ნეიტრალიტეტს სთავაზობს საქართველოს, ეს ხალხი ყველა რუსეთთან არის დაკავშირებული. პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთში არსებობს მეხუთე სამმართველო, რომელშიც სპეციალური ფულია გამოყოფილი ოპერაციებისთვის და ამ ოპერაციებისთვის გამოყოფილი ფულით მიდის ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველოში არ არსებობს არც ერთი საღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს, რომ ომით შესაძლებელია, საქართველომ რუსეთთან რამეს მიაღწიოს, მაგრამ ვინც უარს ამბობს თავდაცვით ომზე, სუვერენულ უფლებაზე, რომელიც აღიარებულია, ის არც ცხრა აპრილის ღირსია და მას არც 9 აპრილი ესმის, არც ქრისტიანობა, არც გმირების ისტორია და ასეთი ხალხისთვის არის ყანწი, ყანწებით კი საქართველოს ვერ დაიცავ.
„ჩვენ ვიცით, რომ გვიყვარს ქართველებს სადღეგრძელოების ლაპარაკი, მაგრამ როგორც ქრისტიანობა, ისე პატრიოტიზმი იქადაგება მხოლოდ საქმით და საქმით უნდა ვაჩვენოთ. საქმე რა არის? უკრაინა აკეთებს ჩვენს საქმეს, ჩვენს გასაკეთებელს და თუ გვერდით დგომა არ შეგვიძლია, გავჩუმდეთ მაინც და ნუ ვაკრიტიკებთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.