პაატა გურასპაული - ალეკსანდარ ჯიკიჩმა მთავარი რუბიკონი გადალახა, შეუძლია, დაწყნარებით მოემზადოს ევრობასკეტისთვის #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად იყო ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი პაატა გურასპაული. მან ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ნაკრების გამოსვლა საფუძვლიანად განიხილა:
„შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი დანიაში გავმართეთ. მთელი შეხვედრა წინ ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ დავმარცხდით. გასაკვირი არ იყო, რომ იმ მატჩში მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა თავისი როლი ვერ ითამაშა, რამდენიმე დღის ჩამოსული იყო და სქემების მოედანზე გადატანა ვერ მოასწრო.
შემდეგი მატჩი იყო ძლიერ სერბეთთან თბილისში. მასში ჯიკიჩი ეძებდა იმ მონახაზს, რომელიც შემდეგ უნდა გამოეყენებინა და წარმატებას მოუტანდა. სერბეთთან წაგება სირცხვილი ნამდვილად არ არის.
სერბმა სპეციალისტმა შემდეგ უკვე მოძებნა იმ სტილისა და ამპლუის კალათბურთელი, რომელიც ზედმიწევნით ერგება საქართველოს ნაკრებს. ეს არის კამარ ბოლდუინი. მან ფრთები შეასხა მწვრთნელის აზრებსა და გეგმებს. სწორედ ბოლდუინის უშუალო მონაწილეობით მოვიგეთ ორივე მატჩი ფინეთთან. ეს გამარჯვებები ძალიან საჭირო იყო მომდევნო ეტაპზე გასვლის თვალსაზრისით.
შემდეგ იყო დანიასთან გადამწყვეტი, ფინალის დარი თამაში. საბოლოო ვარჯიშის ბოლო წუთებზე დაიმტვრა ის მოთამაშე, რომელზეც აგებული იყო ჯიკიჩის სქემები – კამარ ბოლდუინი. მწვრთნელმა მოახერხა გადაწყობა, გაიმარჯვა დანიასთან და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.
მან მთავარი რუბიკონი გადალახა. ახლა შეუძლია, დაწყნარებით მოემზადოს ევრობასკეტისთვის. დაემატება მამუკელაშვილი, ბითაძე, მომჯობინდება ბოლდუინი და მწვრთნელს შეუძლია, ყველაფერი დაწყნარებულად გააკეთოს, რომ ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად და წარმატებულად ითამაშოს“.