პაატა დავითაია - შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა
პაატა დავითაია - შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა

შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი კონცერტს ესწრებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა დავითაიამ განუცხადა პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული კონცერტის კომენტირებისას, რომელსაც ვლადიმერ პუტინი დაესწრო.

„მინდა, ცალსახად ხაზი გავუსვა, თუ არ ვცდები, ბატონი ბურჭულაძე არის თეატრის მთავარი რეჟისორი, არ მახსოვს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რა ფორმატში იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად მიუღებელია, შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ამ ფაქტის შემდეგ, იქნება თუ არა ბურჭულაძე კვლავ მათი ერთ-ერთი მოკავშირე.

„პაატა ბურჭულაძე იყო მხარდამჭერი ბატონი გრიგოლ ვაშაძის, აქედან გამომდინარე, არანაირ პრობლემას არ ვხედავ, ახლა ეს მისი პოზიციაა, ის გააგრძელებს თუ არ გააგრძელებს, არ ვიცი. ჩემთვის მიუღებელია ეს თემა, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, მაგრამ ისევეა მიუღებელი ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი, რომლისთვისაც ლავროვი არის დიპლომატიის ეტალონი. მაშინ ქალბატონი ზურაბიშვილიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ეტალონად ლავროვი რომ ჰყავს. ამიტომ, ეს მსჯელობის და პიროვნული საკითხია. პოლიტიკურად, ხაზი მინდა გავუსვა, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პუტინის წინაშე სიმღერა“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

15 დეკემბერს რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე პაატა ბურჭულაძემ იმღერა. მან ოპერა „დაისიდან“ ცანგალას სიმღერა, „ღვინოვ კახურო“ შეასრულა. ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, რომელიც იუბილეზე სიტყვით გამოვიდა.

დატოვე კომენტარი