ოთხი ლიგა და ოთხი ჩემპიონი - ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში „დინამო თბილისის“ 30-მდე აღზრდილმა ითამაშა #1TVSPORT
ოთხი ლიგა და ოთხი ჩემპიონი - ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში „დინამო თბილისის“ 30-მდე აღზრდილმა ითამაშა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ოფიციალური ვებგვერდი სეზონის დასრულებას ლაკონიური პოსტით გამოეხმაურა, სადაც გუნდის მიღწევებია ჩამოთვლილი.

„დინამოელების 2022 წელი – 4 ლიგა და 4 ჩემპიონი“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ პოსტში.

„დინამო თბილისი“ გახდა საქართველოს მთავარი საფეხბურთო ტურნირის, ეროვნული ლიგის გამარჯვებული, სადაც ბათუმის „დინამოსთან“ ცხრაქულიანი ჩამორჩენა დაძლია და ჩემპიონის ტიტული ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

თბილისელთა სარეზერვო გუნდის გამარჯვებით დასრულდა ლიგა 3-ის გათამაშებაც, ისევე როგორც 15 და 17-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატები. „დინამომ“ ერთადერთი ვერ მოიგო 19-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც „საბურთალო“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს „დინამო თბილისის“ 30-მდე აღზრდილმა ითამაშა საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. ახლა კლუბის ბაზაზე ფუტსალის გუნდიც ჩამოყალიბდა, რომელმაც სადებიუტო გამოსვლა რანგით მესამე ლიგიდან დაიწყო.