ოთხი ევროპული გრანდი მარკუს რეშფორდის შეძენით დაინტერესდა #1TVSPORT
ბრიტანული გაზეთის DailyExpress-ის ინფორმაციით, „ასტონ ვილაში“ იჯარით მოთამაშე მარკუს რეშფორდით ოთხი ევროპული გრანდია დაინტერესებული. პრეტენდენტებს შორის არიან ოთხი ქვეყნის – ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ინგლისის ტოპ-კლუბები.
„პარი სენ-ჟერმენი“ იანვარში იყო დაინტერესებული ინგლისელის იჯარით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ზაფხულში შეიძლება დაუბრუნდეს რეშფორდის კანდიდატურას.
„ბარსელონას“ ასევე შეეძლო ზამთარში ფორვარდის გაფორმება. კატალონური კლუბისთვის მთავარ პრობლემად ისევ რჩება ფინანსური მდგომარეობა: ჰანსი ფლიკის გუნდს არ შეუძლია დიდი თანხის დახარჯვა ამ გარიგებაზე.
„ბაიერნს“ ზაფხულში დატოვებს თომას მიულერი, რომელთანაც არ გაგრძელდა კონტრაქტი. ამის გამო, მიუნხენელებს შეტევის გაძლიერებაზე ფიქრი მოუწევთ და გამორიცხული არ არის, რომ განიხილონ ინგლისის ნაკრებში ჰარი კეინის ყოფილი პარტნიორის მიწვევა.
„ჩელსისაც“ მოუწევს ახალი ფორვარდის ძიება რაჰიმ სტერლინგისა და ჟოაო ფელიქსის ფორმიდან გამომდინარე, ჯეიდონ სანჩოს იჯარა კი, დიდი ალბათობით, არ გაგრძელდება. ასე რომ, მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა ფორვარდს ეძებს და არჩევანი შეიძლება რეშფორდზე შეჩერდეს.
შეგახსენებთ, 27 წლის ფორვარდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ ეკუთვნის და იჯარით თამაშობს „ასტონ ვილაში“.