ოთხ ირანელს აშშ-ში ჟურნალისტის გატაცების მცდელობაში სდებენ ბრალს
ოთხ ირანელს აშშ-ში ჟურნალისტის გატაცების მცდელობაში სდებენ ბრალს

აშშ ოთხ ირანელს ჟურნალისტის გატაცების მცდელობაში სდებს ბრალს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის ოთხ მოქალაქეს ბრალი წარედგინა ჟურნალისტის გატაცების მცდელობის საქმეში. საბრალდებო დასკვნაში არ არის მითითებული ჟურნალისტის ვინაობა, თუმცა ირანული წარმოშობის ჟურნალისტის, მასიჰ ალინეჯადის განცხადებით, ირანელები მის გატაცებას გეგმავდნენ.

გარდა ამერიკელი ჟურნალისტისა, ირანის დაზვერვის თანამშრომლები რამდენიმე პირის გადაბირებას გეგმავდნენ დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.

პროკურატურის განცხადებით, ირანელები ჟურნალისტის შეტყუებას მესამე ქვეყანაში გეგმავდნენ, საიდანაც მისი გატაცება მოხდებოდა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ირანის დაზვერვის თანამშრომლებმა ჟურნალისტზე თვალთვალის მიზნით, ოთხი დეტექტივი დაიქირავეს, ხოლო მის საცხოვრებელ სახლთან სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს. გარდა ირანელებისა, დაკავებულია ამერიკის ერთი მოქალაქეც, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევდა დაკავებულებს.

44 წლის მასიჰ ალინეჯადი ორგანიზაცია My Stealthy Freedom-ს ხელმძღვანელობს და ირანში ქალების მიერ ჩადრის ტარების წინააღმდეგ გამოდის. გარდა ამისა, მან დიდი როლი ითამაშა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული „ამერიკის ხმის“ სპარსულენოვანი სამსახურის განვითარებაში და ხშირად ამზადებს რეპორტაჟებს ირანში ადამიანის უფლებების საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ირანის სპეცსამსახურებმა საფრანგეთიდან ჟურნალისტი რუჰოლა ზამი გაიტაცეს, რომელიც მოგვიანებით ირანში სიკვდილით დასაჯეს.