ოთარ წეროძე - 13 მაისს დიუსელდორფში ქართველი ებრაელები კანადიდან და ავსტრალიიდანაც ჩამოვიდნენ #1TVSPORT
ოთარ წეროძე - 13 მაისს დიუსელდორფში ქართველი ებრაელები კანადიდან და ავსტრალიიდანაც ჩამოვიდნენ #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა (1988-1992) ოთარ წეროძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ 1981 წლის 13 მაისს თბილისის „დინამოს“ საგულშემატკივროდ გერმანიაში ჩასული ქართველი გულშემატკივრების და ქართველი ებრაელების ემოციური შეხვედრა გაიხსენა.

„საქართველოდამ ორი ჯგუფი წავიდა – ერთი პროფკავშირებიდან, მეორე კი იყო ასეთი კომკავშირის ორგანიზაცია „სპუტნიკი“. ორივე ჯგუფიდან დააახლოებით 80 კაცი ვიყავით. თამაშამდე გერმანელი გულშემატკივრების ხალხმრავალი ჯგუფი დაგვხვდა და არ მოგვეწონა, პატარა ჯგუფს არ უნდ აგაგვეკეთებინა.

ამ დროს, ქართველების 200-300 კაცი მოვიდა და დაინტერესდნენ, ვინ ვიყავით. თურმე, ქართველი ებრაელები იყვნენ – მთელი მსოფლიოდან ჩამოსულიყვნენ. არ მიკვირს, რომ იტალიიდან და ევროპიდან რომ იყვნენ. მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩამოსული კანადიდან და ავსტრალიიდან ბავშვებით და ოჯახებით.

ამან წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ამ მომენტს სულ მადლიერების გრძნობით ვიხსენებ. მათ „დინამოს“ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ისეთი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა გამოხატეს, არასოდეს დამავიწყდება.

გულშემატკივარს დირიჟორი სჭირდება, ბორია წიფურია ავირჩიეთ. ახალგაზრდების ჯგუფი შემოგვიერთდა, რომელთაც მედოლე ჰყავდათ. ამან რაღაცნაირი მაგიური როლი ითამაშა. ფეხბურთელებმაც თქვეს, რომ რომ ეს ხმა მოედანზე ესმოდათ.

მოთამაშეებზე ნაკლები ენერგია ჩვენც არ დაგვიხარჯავს. იმდენი ვიყვირეთ, რამდენიმე დღე ხმას ვერ ვიღებდით. თუ ვინმე დაილაპარაკებდა, იმას ხუმრობით მოღალატეს ვეძახდით, ესე იგი, სტადიონზე არ ყვიროდა.“

დატოვე კომენტარი