ოთარ მამაგეიშვილი - მადლობა და წარმატება „იბერიას“, რომელთან ერთადაც გავიზარდე #1TVSPORT
ოთარ მამაგეიშვილმა, რომელიც კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ „ფამალიკაოში“ (მის მფლობელს მადრიდის „ატლეტიკოს” წილის 33% ეკუთვნის) გააგრძელებს, სოციალუირ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „იბერიას“ მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ყველას, ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში ამ კლუბთან ერთად და იზიარებდა ჩემს და ჩვენს წარმატებას. მადლობა კეთილ ადამიანებს და მათაც, ვინც ცოტა გამაბრაზა და საკუთარ თავში მეტი ძალა და რწმენა მაპოვნინა.
მთელი განვლილი კარიერა ამ კლუბში გავატარე, კარიერული თუ ცხოვრებისეული სწავლების შემდეგ ბევრი რამის დაწერა შემიძლია. თუმცა ყველაფერს გულში შევინახავ და მთელი გულწრფელობით წარმატებას ვუსურვებ „იბერიას“, რომელთან ერთადაც გავიზარდე“, – წერს ოთარ მამაგეიშვილი.
21 წლის ფეხბურთელი პორტუგალიაში „იბერიას“ ვიცე-პრეზიდენტ დავით ხეჩიკაშვილთან ერთად გაემგზავრა. თავის მხრივ მამაგეიშვილს მადლობა თბილისურმა კლუბმაც გადაუხადა.
„ოთო ჩვენი აკადემიის აღზრდილია და განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, რომ მთელი საფეხბურთო კარიერა „იბერიას“ მაისურით გაატარა. ჩვენი კლუბი არასდროს უშლიდა ხელს თავის აღზრდილ ფეხბურთელებს წინსვლაში და სასიხარულოა, როცა კლუბის მოთამაშეები ევროპულ საფეხბურთო არენაზე თავს წარმატებით იმკვიდრებენ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, შოთა ნონიკაშვილი…
მამაგეიშვილის ტრანსფერიც ამ ტრადიციის დასტურია. ოთო, მადლობა თითოეული წუთისთვის, რომელიც „იბერიას“ მაისურით გაატარე. წარმატებები“.