ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს - კლუბის მფლობელი მადრიდის „ატლეტიკოს“ აქციონერია #1TVSPORT
ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს - კლუბის მფლობელი მადრიდის „ატლეტიკოს“ აქციონერია #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი, ეროვნული ლიგის 2024 წლის საუკეთესო ნახევარმცველი ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ ითამაშებს. 22 წლის ფეხბურთელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოთო მამაგეიშვილი პორტუგალიაში საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ ვიცე-პრეზიდენტთან, დათო ხეჩიკაშვილთან ერთად იმყოფება. ხელშეკრულების დეტალები შეთანხმებულია, ხოლო „ფამალიკაო“ ხვალ ოფიციალურად წარადგენს თბილისის „იბერიის“ ნახევარმცველს, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

პორტუგალიური პრიმეირა ლიგის წარმომადგენელი „ფამალიკაო“ 1931 წელს დაარსდა. გუნდი უმაღლეს დივიზიონში მეთორმეტედ ასპარეზობს, ხოლო 2019/20 წლების სეზონიდან – ზედიზედ მეექვსედ. 2018 წლის ივნისში კლუბის აქციების 85% ისრაელის ჰოლდინგმა, Quantum Pacific Group-მა შეიძინა, რომელიც ასევე ფლობს ესპანური კლუბის, მადრიდის „ატლეტიკოს“ აქციების 33%-ს.

ამ ინვესტიციამ კლუბისთვის სწრაფი შედეგები მოიტანა – 2019 წლის 28 აპრილს „ფამალიკაო“ 25 წლის შემდეგ პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. პროექტი ამბიციურია და კლუბს მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა აქვს – „ფამალიკაოს“ პორტუგალიის საუკეთესო კლუბებს შორის მოხვედრა. 2018 წელს გუნდმა პორტუგალიაში ერთ-ერთი საუკეთესო და თანამედროვე საწვრთნელი ცენტრი ააშენა.

ამჟამად, პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ, „ფამალიკაოს“ 21 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზე იმყოფება. კლუბი ბოლო წლებში აქტიურად ყიდის ფეხბურთელებს პორტუგალიურ გრანდებში, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ „იბერიადან“ სხვა მოთამაშეებიც დაიმატოს. როგორც გავიგეთ, კლუბის ინტერესის სფეროში ოთოს ტყუპისცალი, გიზო მამაგეიშვილიც მოხვდა.