ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა - „შტურმმა“ „ზალცბურგთან“ მატჩი ფრედ დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ადგილობრივი ფეხბურთის გრანდთან, „ზალცბურგთან“ თავი გოლითა და ასისტით გამოიჩინა, თუმცა გრაცის „შტურმმა“ ამით ვერ ისარგებლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. თამაში მასპინძლებისთვის კარგად არ დაიწყო, „ზალცბურგი“ სამსონ ბაიდუს გოლით მე-40 წუთზე დაწინაურდა და ტაიმი 1:0 მოიგო.

მატჩზე დიდი გავლენა ქართველმა შემტევმა მოახდინა. მან სარკარიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 10 წუთში თავად დაეხმარა საგოლე გადაცემით სარკარიას, რომელმაც გრაცელები დააწინაურა.

„შტურმმა“ მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 73-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სეკუ კოიტამ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

„შტურმა“ 17 ქულა დააგროვა, რითიც ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა.