ოთარ კიტეიშვილმა „დნიპროსთან“ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა „დნიპროსთან“ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ თურქეთის ქალაქ ბელეკში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ავსტრიელები პოლონურ „პოგონთან“ 1:6 დამარცხდნენ, უკრაინულ „დნიპროს“ კი 2:1 მოუგეს და საწვრთნელი შეკრება დაასრულეს.

„შტურმის“ მწვრთნელმა ამ შეხვედრებში ორი შემადგენლობა ათამაშა. პოლონელებთან მატჩში ოთარ კიტეიშვილს მონაწილეობა არ მიუღია, უკრაინელებთან კი შეუცვლელად იასპარეზა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა „შტურმის“ მიერ გატანილ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა. მე-13 წუთზე ქართველის წამოწყებული შეტევის შემდეგ ანგარიში ბირეტიმ გახსნა. 29-ე წუთზე ოთარმა ხელსაყრელ პოზიციაზე ალექსანდერ პრასი გაიყვანა, რომელმაც შორიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

„შტურმმა“ თურქეთში მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის ავსტრიაში მოემზადება, სადაც კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს – 27 იანვარს „მტკ ბუდაპეშტს“ უმასპინძლებს, ხოლო 30 იანვარს – უკრაინულ „რუხს“.

„შტურმი“ სეზონს 2 თებერვალს ავსტრიის თასზე ვენის „აუსტრიასთან“ მატჩით განაახლებს.