ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ ამხანაგურ მატჩში „ჰამბურგი“ დაამარცხა #1TVSPORT
გრაცის „შტურმმა“ დღეს ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. ოთარ კიტეიშვილმა საღამოს შეხვედრაში ითამაშა.
შუადღის მატჩში გრაცელებმა ავსტრიული „ვოლფსბერგერი“ 3:0 დაამარცხეს, თუმცა ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მონაწილეობა არ მიუღია. კიტეიშვილი მოედანზე საღამოს, „ჰამბურგთან“ დაპირისპირებაში გამოჩნდა.
გერმანული კლუბი ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და შემადგენლობა გააძლიერა, თუმცა „შტურმს“ ვერაფერი მოუხერხა. ავსტრიელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობის წყალობით 2:1 გაიმარჯვეს.
ანგარიში მე-18 წუთზე იონ გორენჩ-სტანკოვიჩმა გახსნა, ხოლო 45+1-ე წუთზე სხვაობა ტოჩი ჩუკვუანიმ გაზარდა. „ჰამბურგმა“ ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.