ოთარ კიტეიშვილის „შტურმისა“ და გიორგი მაისურაძის „პოლისიის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ მოსამზადებელი ეტაპი გიორგი მაისურაძის ჟიტომირის „პოლისიისთან“ ამხანაგური მატჩით დაასრულა – 0:0.
„შტურმი“ ახალი სეზონისთვის ზემო შტირიაში, ირდნინგში ემზადებოდა. უკრაინის პირველი დივიზიონის წარმომადგენელთან (გასულ სეზონში ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა) შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გოლის გატანა გუნდებმა ვერ შეძლეს.
ოთარ კიტეიშვილმა გრაცელთა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა. იგი მე-60 წუთზე შეცვალეს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გიორგი მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა.
„შტურმის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, იურგენ ზეუმელის განცხადებით, ხანგრძლივი შეკრების ბოლო დღეებში ფეხბურთელები ინტენსიური ვარჯიშით საკმაოდ დაიღალნენ. გრაცელები 19 ივლისს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ — შუადღეს „ვოლფსბერგს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო საღამოს მშობლიურ „მერკურ არენაზე“ „ჰამბურგს“ მიიღებენ.