ოთარ კიტეიშვილი - მთავარი კითხვა იყო, ვინმე თუ დაინფიცირდებოდა, მერე რა მოხდებოდა | ტაიმაუტი
ოთარ კიტეიშვილი - მთავარი კითხვა იყო, ვინმე თუ დაინფიცირდებოდა, მერე რა მოხდებოდა | ტაიმაუტი

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩაერთო და ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონის გახლებაზე ილაპარაკა.

ცნობილია, რომ ავსტრიაში გუნდებმა მზადება სამი კვირაა დაიწყეს, სეზონის განახლება კი 2 ივნისს გადაწყდა – ეს ინფორმაცია ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გაავრცელა.

„უკვე სამი კვირაა, რაც ვარჯიში დავიწყეთ. აქამდე ხუთ-ექვს კაციან ჯგუფებად ვვარჯიშობდით. მაგრამ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მოვიდა სასიხარულო ინფორმაცია, რომ სეზონი აუცილებლად განახლდება, თვის ბოლოს კი იქნება თასის ფინალი. ეს COVID-19-ის პაუზის შემდეგ ავსტრიაში გამართული პირველი თამაში იქნება. ამის შემდეგ სამ-ოთხ დღეში კი, ჩემპიონატის მატჩებიც დაიწყება და ტურები ყოველ ამ ინტერვალით ჩატარდება, ჩემპიონატი ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს,“- განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

ავსტრიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო და გუნდებმა ვარჯიში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ადრე დაიწყეს. კიტეიშვილი იმაზეც ილაპარაკა, აქამდე სეზონს რატომ არ იწყებდნენ:

„თამაშების დაწყება იმიტომ გადაიდო, რომ არავინ იცოდა, რა მოხდებოდა, ვინმე თუ დაინფიცირდებოდა. ოფიციალური ინფორმაცია უკვე ამის შესახებაც მივიღეთ – თუ მოთამაშეს ვირუსი დაუდგინდა, მხოლოდ ის გადავა კარანტინში, ხოლო დანარჩენები ვარჯიშსაც და თამაშსაც ჩვეულებრივ გააგრძელებენ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ეს ფეხბურთელებიც სახლში უნდა იყვნენ და გარე სამყაროსთან კონტაქტს მოერიდონ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და ფეხბურთი მალე დაგვიბრუნდება“.