ოთარ კიტეიშვილი - კარგი სეზონი უნდა ჩავატარო, უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში რომ მიმიწვიონ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - კარგი სეზონი უნდა ჩავატარო, უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში რომ მიმიწვიონ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ოთარ კიტეიშვილი ჩაერთო, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში „სოფა სქორმა“ და „სქაი სპორტს ავსტრიამაც“ დაასახელეს.

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელის თქმით, სეზონი გუნდმა კარგად დაიწყო.

„სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, ევროპის ლიგის ჯგუფში შევედით, რაც გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატშიც მეორე ადგილზე ვართ და თითქმის ყველა თამაშს ვიგებთ. ასე რომ, საკმაოდ კარგი სეზონის სტარტი გამოგვივიდა.

პირადად ჩემი თამაშს რაც შეეხება, ყოველთვის სასიამოვნოა გუნდის დახმარება. მიხარია, რომ ტრავმის გამო ბევრი თამაში არ გამიცდა და ფორმა მალე აღვიდგინე. გუნდსაც კარგი სეზონი აქვს და მეც და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. იმედია, ასეც გავაგრძელებთ.

წელს რომბს ვთამაშობთ და თითქმის ყველა პოზიციაზე ვარ საყრდენის გარდა, თავდამსხმელადაც დამაყენეს და მიმაჩნია, რომ სამივე ჩემი პოზიციაა. ახლა „ზალცბურგი“ 7 ქულით გვისწრებს, მაგრამ ორი წლის შემდეგ ფინალური ეტაპი იწყება, ქულები განახევრდება და შევეცდებით, მაქსიმალურად მეტი ქულა დავაგროვოთ და კონკურენტზე წნეხი არ შევამციროთ.

უკეთეს გუნდში გადასვლას რაც შეეხება, ამის ფიქრი სულ მაქვს – ვთამაშობ ამიტომ ფეხბურთს. ახლაც მინდა, კარგი სეზონი ჩავატარო, რომ უკეთესი ჩემპიონატებიდან და უკეთესი გუნდებიდან კარგი შემოთავაზებები მქონდეს“.