ოთარ კიტეიშვილი - კარგი დასაწყისის შემდეგ მოდუნება არ შეიძლება [ვიდეო]

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის უახლოესი თამაშებისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდი „ზესტაფონის“ საფეხბურთო კლუბის ბაზაზე ვარჯიშბს.

ანდორასთან და ლატვიასთან მატჩებისთვის ემზადება ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც „ჯვაროსნების“ დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი ბოლო დროს სისტემატურად იწვევს. ავსტრიული გრაცის „შტურმის“ ქართველმა ნახევარმცველმა მომავალ შეხვედრებზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ნაკრებს გულშემატკივარი არ დააკლდება.

„რა თქმა უნდა, პირველ ორ მატჩში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო. ეს მოვახერხეთ და ორ შეხვედრის შემდეგ ექვსი ქულა დავაგროვეთ. მაგრამ ახლა არავითარ შემთხვევაში მოდუნება არ შეიძლება. ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის და აუცილებელია კარგად მომზადება და სწორი ტაქტიკის შერჩევა – უკვე ოთხი დღეა, რაც ნაკრები შეიკრიბა და ამაზე ვმუშაობთ. თითქმის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობაა და მიმაჩნია, რომ კარგი გუნდი შეიკრიბა. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებებს მივაღწევთ, რაშიც ქართველი გულშემატკივარი დაგვეხმარება და სტადიონზე მოვა – ყველა ერთად გამარჯვებას მოვახერხებთ“ – ამბობს კიტეიშვილი.