ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - ადამიანის დასახიჩრებას ასე მშვიდად როგორ უყურებთ
ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - ადამიანის დასახიჩრებას ასე მშვიდად როგორ უყურებთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების მიმდინარეობას გამოეხმაურა. მან საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა კითხვით, როგორ უყურებენ ადამიანის დასახიჩრებას ასე მშვიდად.

„მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ დაზარალებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობის საკითხი. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 16 პირს, აქედან რვა ჟურნალისტსა და რვა ჩვეულებრივ მოქალაქეს, უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე. მათ შორის, უარი უთხრა დაზარალებულად ცნობაზე მაკო გომურს, რომელმაც თვალი დაკარგა ამ აქციაზე, უფრო სწორად, პოლიციის მიერ ნასროლი ტყვიით მას თვალი გამოთხარეს. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და ამით შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. ნიშანდობლივია, რომ ქალბატონ ჩახნაშვილს სწორედ ის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, რომლის დიპლომიც, ოღონდ გაყალბებული, წარმოადგინა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა ბატონმა თადუმაძემ. ბატონმა თადუმაძემ ჩვენთან გასაუბრების დროს, როდესაც ვკითხე, თუ რატომ არ აქვთ დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს, თამარ ბაღაშვილს, გიორგი სულაშვილს, მიპასუხა, რომ თურმე, მათ არ ჰყოლიათ დადგენილი ბრალდებული პირი“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, გენერალური პროკურორი აღნიშნავს, რომ ბრალდებულის დადგენა არის აუცილებელი, რათა დაზარალებულად ცნონ ადამიანი.

„მომენტალურად უნდა დასრულებულიყო მასთან გასაუბრება და გაგვესტუმრებინა იურიდიული კომიტეტის დარბაზიდან და შემდგომ გენერალური პროკურორობიდანაც გადამდგარიყო, მაგრამ რა უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა სოფიომ – გასაგებიაო. მან მიიღო პასუხი, რომ თურმე ბრალდებულად თუ არ არის ცნობილი, ამიტომ დაზარალებულადაც არ უნდა ვცნოთ ადამიანი. ამას უყურა შემდგომ ნინო ჩახნაშვილმა, შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა და თქვა, რომ არ არის დანაშაული მომხდარი, არ დგინდება ეს დანაშაული და თვალებგამოთხრილი გოგო დატოვა დაზარალებულის სტატუსის გარეშე.

მან მიუთითა თავის გადაწყვეტილებაში – თურმე, დანაშაულით რომ მიადგა ზიანი, ეს არ დგინდება. ანუ არ დგინდება, რომ ეს ქმედება უკანონო იყო, რომ თვალი რომ გამოთხარა პოლიციელმა რეზინის ტყვიით. ეს ქმედება დანაშაული რომ არის, ეს არ დგინდება. თურმე, კანონიერი შეიძლება იყოს თვალის გამოთხრა ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც არაფერს აშავებს და ანტისაოკუპაციო მიტინგზეა. თურმე, ეს შეიძლება იყოს კანონიერი ქმედება. ეს თქვა თქვენმა პროკურატურამ და შემდეგ გაიმეორა თქვენმა სასამართლომ, მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორის გამოსვლას უსმინა, რომელზეც თქვენ კვერი დაუკარით, გასაგებიაო ეს მიდგომაო“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, მეორე აბსურდული მომენტი, რომელზეც მიუთითა მოსამართლე ჩახნაშვილმა, ისაა, რომ არ დგინდება, რომელი დანაშაულით მიადგა ეს ზიანი.

„კი, მაგრამ რომელი დანაშაულის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება რომ დაიწყო, ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი. ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არ არის? ადამიანის დასახიჩრება, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება არ არის დანაშაული? ამას მშვიდად როგორ უყურებთ? ჩემს კოლეგებს მივმართავ უმრავლესობიდან, განსაკუთრებით, იურისტებს. ეს არის სამართალი და ეს არის სამართლიანობა, რომელზეც თქვენ ასე იღწვოდით, ვითომ? თქვენი დაკვეთით მოქმედი სასამართლო, როდესაც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პოლიტიკური აღსასრული არის მოახლოებული და მომავალ წელს ქართული საზოგადოება, მათ შორის ამ ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოც, გამოგიტანთ პოლიტიკურ განაჩენს“, – მიმართა ოთარ კახიძემ დეპუტატებს.