ოთარ კახიძე - გადაწყვეტილება ძალაშია, თუ რურუა არ გათავისუფლდება, არც მეორე და არც მესამე მოსმენებში მონაწილეობას არ მივიღებთ
ოთარ კახიძე - გადაწყვეტილება ძალაშია, თუ რურუა არ გათავისუფლდება, არც მეორე და არც მესამე მოსმენებში მონაწილეობას არ მივიღებთ

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არც მეორე და არც მესამე მოსმენებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუ რურუა არ გათავისუფლდება და ეს არის ძალაში, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ოთარ კახიძე.

„ჩვენ ვართ ერთგული 8 მარტის შეთანხმების. შესაბამისად, ჩვენ ხმა მივეცით საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენას, რომ შეთანხმება შესრულდეს და რურუა გაათავისუფლონ, ოღონდ, თუ ეს დრო ხელისუფლებამ არ გამოიყენა და შეთანხმება არ შეასრულა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ იქნება პროექტს.

ანუ ჩვენ არ დავფიქსირდებით, ისე როგორც კონსენსუსის ერთ-ერთი მხარე. რაც შეეხება ევროკავშირის მოწოდებას, ობიექტურობისთვის გვერდი არ უნდა ავუაროთ და მეორე ფასილიტატორის განცხადება იყო, ამერიკის ელჩის, რომელიც ელოდება შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას და ევროკავშირის ელჩის განცხადებაც ამას არ გამორიცხავს. ჩვენც ველოდებით 142 ხმას, „ევროპული საქართველო“, რურუას გათავისუფლება არის ამის აუცილებელი წინაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც განიხილება, საკითხი არის დახურული, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არც მეორე და არც მესამე მოსმენებში მონაწილეობას არ მივიღებდით, თუ რურუა არ გათავისუფლდება და ეს არის ძალაში. ახლა ხელისუფლებამ მიიღო ახალი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ვნახოთ, ივანიშვილი გარისკავს თუ არა მის პერსონალურ ბედს, მილიარდებს, რომელიც დაბანდებული აქვს დასავლეთში და თან უნდა დასავლეთი გადააგდოს, თან იქ ფული აკეთოს, ეგ რაღაცები მგონი უნდა მიხვდეს, რომ არ გამოუვა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.