ოთარ კაკაბაძე - ორშაბათიდან სრული დატვირთვით ვივარჯიშებ
ოთარ კაკაბაძე - ორშაბათიდან სრული დატვირთვით ვივარჯიშებ

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ტენერიფეს“ მცველმა, ოთარ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ბელარუსთან მიღებულ ტრავმასა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა.

„მსურს, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბოლო დღეებში მესიჯების წყალობით ვგრძნობდი. იყო ბევრი შეკითხვები ჩემს ტრავმასთან დაკავშირებით: ბელარუსთან მატჩის ბოლო წუთებში კუნთმა შემაწუხა, რის გამოც მოედნის იძულებით დატოვება მომიხდა“, – წერს ოთარ კაკაბაძე.

მისი თქმით, ტრავმა სერიოზული არაა და დიდი ალბათობით, 12 ნოემბერს ევრო2020-ის ფინალში საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაეხმარება.

„ჩამოვედი ესპანეთში, გადავიღე MRI, რამაც აჩვენა, რომ ორშაბათიდან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში შემეძლება, მალევე კი მოედანზე გასვლასაც შევძლებ. წინ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ფინალურ მატჩს საუკეთესო ფორმაში შევხვდე“, – აცხადებს კაკაბაძე.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებიდან ოთარ კაკაბაძემ მხოლოდ ბელარუსთან ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი ითამაშა, ხოლო სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთა ლიგის მატჩები გამოტოვა.