ოთარ გოშაძე – „ზირასთან“ პირველი მატჩის შედეგი ჩვენთვისაც მიუღებელია, თამაშის შემოსატრიალებლად გულშემატკივრის თანადგომა გვჭირდება #1TVSPORT
აზერბაიჯანულ „ზირასთან“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარემ, ოთარ გოშაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორთამაშიანი დაპირისპირების შემოტრიალებას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 0:3 წააგეს.
„ბრძოლას ვაპირებთ მანამდე, სანამ შემდეგ ეტაპზე გასვლის თუნდაც მცირე შანსი არსებობს. გულშემატკივრის მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის გასაგები და მისაღებია. ვიღებთ ამ კრიტიკას – მათ მსგავსად, სტუმრად ნაჩვენები თამაში და შედეგი ჩვენთვისაც მიუღებელია.
ხვალ ის მატჩია, როცა, მინიმუმ, 3 გოლი გვაქვს გასატანი. გულშემატკივრის გარეშე ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება. ამიტომ ვთხოვთ მათ, მოვიდნენ მატჩზე – ერთად ბევრი რამ შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი იმედები გავამართლოთ“, – ამბობს გოშაძე.