ოთარ გაბელია - ეს ინგლისელებს არ ესიამოვნათ და „კოკა-კოლას“ ბოთლები დამიშინეს
ოთარ გაბელია - ეს ინგლისელებს არ ესიამოვნათ და „კოკა-კოლას“ ბოთლები დამიშინეს

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თაობის მეკარემ, ოთარ გაბელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ 1981 წლის 13 მაისის წარმატებამდე განვლილ გზაზე ილაპარაკა. მისი აზრით, გუნდმა ყველაზე მაღალ ტემპში ინგლისურ „ვესტ ჰემთან“ გასვლაზე მოგებული შეხვედრა (4:1) ჩაატარა.

„ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ თასების თასის მეოთხედფინალაში ჩვენი მეტოქე, ლონდონის „ვესტ ჰემი“ დაბალი დონის გუნდი იყო და ადვილად ამიტომ მოიგესო. ინგლისის რანგით მეორე ლიგაში კი გამოდიოდა, მაგრამ 1981 წელს, ინგლისის მთავარი ლიგის საგზური ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა, წინა წელს ინგლისის თასს დაეუფლა და ქვეყნის სუპერთასისთვის იბრძოლა, 1981 წელს კი ინგლისის ლიგის თასი აიღო. ამავე დროს, გუნდში ინგლისის ნაკრების ორი წევრი ჰყავდათ. მაშინდელ თამაშებს რომ ვნახულობ, ეს ყველაზე მაღალი ტემპის თამაში იყო, რაც ჩვენ ჩაგვიტარებია – „ლივერპულთან“ შეხვედრაზე მაღალ ტემპშიც კი ვითამაშეთ. ბურთი არ ჩერდებოდა. ჩვენ კონტრშეტევაზე ვითამაშეთ, თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ საშამ (ჩივაძე) ანგარიში გახსნა და მერე ყველაფერი აეწყო. თუმცა, ვიმეორებ, ნამდვილად ძალიან კარგი გუნდი იყო“, – ამბობს ოთარ გაბელია.

ვეტერანმა მეკარემ 1979 წელს, „ლივერპულთან“ გასვლაზე ჩატარებული შეხვედრის უცნობი პერიპეტიები გაიხსენა: „გასვლაზე რთული მატჩი გვქონდა. „ლივერპულთან“ პირველ მატჩში საინტერესო ამბები მოხდა. მაღალი გადაცემა წამოვიდა, „მეორე სართულზე“ ბრძოლა კი დალგლიშს უყვარდა, რომელსაც ლივერპულში მაშინ ძალიან აფასებდნენ. ბურთის ასაღებად გამოვედი და ხელი ჩავარტყი – ცოტა უხეშად კი მომივიდა. იქ ხომ ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა, დალგლიშს როგორ ეუხეშაო და ჩემსკენ „კოკა-კოლას“ ბოთლები წამოვიდა“.

ოთარ გაბელიამ ინგლისელებთან თბილისური დაპირისპირებაც გაიხსენა: „თბილისური მატჩისთვის ნოდარ ახალკაცმა მაგრად მოგვამზადა. კი, შიში იყო, მსოფლიო დონის გუნდს ვხდებოდით, რომელმაც მანამდე ზედიზედ ჩემპიონთა თასი ორჯერ მოიგო – სხვათა შორის, ჩვენთან წაგებიდან ერთი წლის შემდეგ, ეს მესამედაც მოახერხა. ჩვენ კი ევროპისთვის უცნობი გუნდი ვიყავით. ბიჭები კარამდე ბურთს არ უშვებდნენ და მიხაროდა, შორიდან რომ ვუყურებდი – დიდ გუნდს ამარცხებდნენ. საბოლოოდ, 3:0 მოვიგეთ. იმ დღეს კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ამის მიუხედავად, ხალხი თამაშის შემდეგ დიდხანს დარჩა და ტაშს გვიკრავდა. გუნდი ასეთ თამაშებითა და მოგებებით გაიზარდა”.

შეგახსენებთ, რომ 1981 წლის 13 მაისს, ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, „დინამომ“ დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა და ევროპულ თასს დაეუფლა – დღეს ამ გამარჯვებიდან 39 წელი გავიდა.

სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.