ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა
ოთარ ფარცხალაძის საქმეზე სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვით გაგრძელდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე პროცესი მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.

სხდომას ოთარ ფარცხალაძე არ ესწრება. ადვოკატმა წარადგინა ფარცხალაძის განცხადება, სადაც ის განმარტავს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ დაესწრება სხდომას და პროცესი რომ არ გაჭიანურდეს, თანახმაა, სხდომა მის გარეშე ჩატარდეს.

სასამართლო სხდომაზე კომპანია „ფროფერთი მენეჯმენტის“ წარმომადგენელი, გიორგი გიგინეიშვილი იკითხება. სწორედ ამ კომპანიამ დაამონტაჟა სამთვალყურეო კამერები ინციდენტის ადგილზე, კლუბ „ელ ცენტროში“.

„სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩანაწერის ამოღება, მას შემდეგ რაც გავატანეთ სამართალდამცველებს ვიდეორეგისტრატორი, წვდომა ჩვენ აღარ გვქონია. როგორც ნებისმიერ კომპიუტერს აქვს პაროლი, ამ შემთხვევაშიც გვქონდა პაროლი, რომელიც შევიყვანეთ და გავხსენით“, – განაცხადა მოწმე გიორგი გიგინეიშვილმა.

ფარცხალძის ადვოკატის კითხვაზე, თუ დაუნახავს მას დაპირისპირება ფარცხალაძისა და ჩოხელის მონაწილეობით, მოწმემ განაცხადა, რომ ეს არ დაუნახავს.

გამოძიება ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემას ედავება. მას 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალი პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას გულისხმობს. ასევე ამ საქმეზე ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.