ოთარ დანელია - შსს-მ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა
ოთარ დანელია - შსს-მ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ქვეყანა რეალურად გადაარჩინა სახელმწიფო გადატრიალებას, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ინსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას.

დანელიამ აღნიშნა, რომ 240 ადამიანს შორის, რომელიც რუსთაველზე დაზარალდა და დასახიჩრდა, 100 პოლიციელია.

„ტრაგედიაა, რაც მოხდა იმ დღეს, არ შეიძლება ვინმეს სხვა აზრი ქონდეს. ძალიან მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა დაძაბულობასა და დაპირისპირებაში და ისიც, წაქეზებით. არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით დავაყენოთ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი. ოპოზიციის საქმე არ არის არც მისი გათავისუფლება და არც მისი დანიშვნა. ამას წყვეტს გუნდი, ეს არის გუნდური პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ყველა ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ფასი არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც მან აღნიშნა, არც ერთ პოლიტიკურ გუნდს ამის ნახევარი ფასი არ გაუღია.

„პოლიტიკური ისტებლიშმენტი თავის დროზე შეთანხმდა, არავითარი ძალადობა, არსებობს სამართლიან პირობებში ჩატარებული არჩევნები, რაც არის ერთადერთი სწორი იარაღი ხელისუფლების გადაბარების. ჩვენ წავედით ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქნება ნულოვანი ბარიერი და პირდაპირპროპორციული არჩევნები, რომელშიც ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. გახარიასთვის ერთ გროშად არ ღირს, თანამდებობა, რაც უჭირავს, ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში?!“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.