ოსკარ სანტისმა „დინამო თბილისი“ დატოვა - გვატემალელი გუნდში ზაფხულში დაბრუნდება #1TVSPORT
„დინამო თბილისი“ ოსკარ სანტისმა დატოვა – გვატემალის ნაკრების თავდამსხმელზე ინფორმაციას ამ ქვეყნის გამოცემები ავრცელებენ.
25 წლის ფეხბურთელი ქართულ კლუბს იანვარში გვატემალური „ანტიგუადან“ შეუერთდა – სანტისი სამშობლოში დაბრუნდა და, შესაძლოა, ისევ ყოფილი კლუბში ითამაშოს, თუმცა სხვა ვარიანტებიც აქვს.
სანტისმა „დინამო თბილისში“ 29 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. მაგრამ ლეგიონერის კვალობაზე, რომელიც გვატემალის ნაკრებში სისტემატურად თამაშობდა, საკმარისად შედეგიანი და დამაჯერებელი არ იყო და თბილისურმა კლუბმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.
თუმცა, გამოცემა Guatefutbol-ი ოსკარ სანტისის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ამტკიცებს, რომ დიდი ალბათობით, ფეხბურთელი „ანტიგუას“ შეუერთდება, რათა სანაკრებო მატჩებისთვის უკეთ მოემზადოს.
„სანტისს ჯერ კიდევ აქვს კონტრაქტი „დინამო თბილისთან“. საქართველოს ჩემპიონატში ახლა პაუზაა, ფეხბურთელს კი არ სურს სათამაშო ფორმა დაკარგოს. „ანტიგუა“ ჩემპიონთა თასზე იასპარეზებს და სანტისი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ფორმის პიკში იქნება, რათა შემდეგ გვატემალის ნაკრებს დაეხმარება.
სანტისი „ანტიგუაში“ ექვსთვიანი იჯარით ითამაშებს, რის შემდეგაც საქართველოში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირაში სხვა ლიგიდან ხელსაყრელ შეთავაზებას თუ მიიღებს, ყველაფერი შეიცვლება“, – წერს გვატემალური გამოცემა.