ოსაკას გრანდ სლემზე საქართველოს ღირსებას ოთხი ძიუდოისტი დაიცავს
ოსაკას გრანდ სლემზე საქართველოს ღირსებას ოთხი ძიუდოისტი დაიცავს

დღეს, იაპონიაში, ოსაკას გრანდ სლემი დაიწყო. ტურნირზე ოთხი ქართველი ძიუდოისტია – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ).

შავდათუაშვილი ასპარეზობაში ხვალ ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქის ვინაობა მექსიკელ არაუხოს და იაპონელ ტაცუკავას შორის გაირკვევა. ნახევარფინალამდე მიღწევის შემთხვევაში, ლაშას სავარაუდო მეტოქე მსოფლიო ჩემპიონი სოიჩი ჰაშიმოტოა.

კვირას ტურნირზე სამი ქართველი ჩაერთვება  – 90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 100 კგ. წონით კატეგორიაში კი გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

ჭრიკიშვილის პირველი მეტოქე ახალგაზრდა იაპონელი სანშირო მურაო იქნება. მისი და ბრაზილიელი მაჩედოს დამარცხების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ავთოს დაპირისპირება მსოფლიო ჩემპიონ – ჰოლანდიელ ნოელ ვან ტ ენდთან მოუწევს.

ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და სლოვაკი მიროსლავ ბლაჰუსიაკისა და ნაურუელი ინიკი უერას შორის გამარჯვებულს შეხვდება. იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონ მაშუ ბაკერს, რომელიც ბექას მესამე წრეში დაუპირისპირდება, ქართველი ორჯერ შეხვედრია და ძიუდოისტების ანგარიშზე თითო გამარჯვებაა.

ვარლამ ლიპარტელიანი მეორე წრეში ლეონარდო გონსალვეშს შეხვდება. მარგიევსა და სავიცკის წყვილში საუკეთესოს დამარცხების შემთხვევაში, ვარლამის მეტოქე, სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ელმარ გასიმოვი იქნება, რომელთანაც ქართველს დადებითი ბალანსი აქვს. ნახევარფინალში ლიპარტელიანის სავარაუდო მეტოქეებს შორის მსოფლიოს იაპონელი ჩემპიონი აარონ ვოლფი და კენტარო ოდა არიან.