ოსაკას ახალი მწვრთნელი ჰყავს
ოსაკას ახალი მწვრთნელი ჰყავს

მსოფლიოს მესამე ჩოგანი, იაპონელი ნაომი ოსაკა ბელგიელ მწვრთნელთან ვიმ ფისეტთან ითანამშრომლებს. გასულ კვირას, სპეციალისტი უკვე წარუდგინეს 22 წლის ჩოგბურთელის სპონსორებს ლოს ანჯელესში, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ბენ როტენბერგმა.

ოსაკა აქამდე მუშაობდა მწვრთნელ ჯერმეინ ჯენკინსთან, აგრეთვე, მას მამაც ამეცადინებდა.

39 წლის ფისეტი ავარჯიშებდა რუმინელ სიმონა ჰალეპს, ბელგიელ კიმ კლაისტერსს, ბელარუს ვიქტორია აზარენკას, გერმანელ ანჟელიკ კერბერსა და ბრიტანელ იოჰანა კონტას.

ბოლო ტურნირი, რომელშიც ოსაკამ ითამაშა, WTA-ის შემაჯამებელი ტურნირი იყო. იაპონელს მხარის ტრავმის გამო შეჯიბრის მიტოვება მოუწია.

ადრე გახდა ცნობილი, რომ ოსაკა 2020 წლის სეზონს ბრისბენის (ავსტრალია) ტურნირით დაიწყებს. TOP10-დან აქ მისი მეტოქეები იქნებიან – ავსტრალიელი ეშლი ბარტი, ჩეხები კაროლინა პლიშკოვა და პეტრა კვიტოვა, უკრაინელი ელინა სვიტოლინა და ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი.