ორმაგი დუბლი და MVP - ბეჟანიშვილი 20 ქულით საუკეთესო იყო #1TVSPORT
ორმაგი დუბლი და MVP - ბეჟანიშვილი 20 ქულით საუკეთესო იყო #1TVSPORT

კანადის ელიტური საკალათბურთო ლიგის (CEBL) რეგულარულ სეზონში გუნდები ბოლო მატჩებს მართავენ. თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ბეჟანიშვილის „გუელფ ნაითჰოუკსმაც“, რომელმაც „ნიუფაუნდლენდ გროულერსი“ სტუმრად 87-80 დაამარცხა და პლეი-ინში მე-7 ადგილით გავიდა.

ქართველი კალათბურთელი ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში იყო და სუპერშეხვედრა ჰქონდა. გიორგი ორივე გუნდის მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

მან 28:02 წუთში 20 ქულის, 11 მოხსნისა (4 შეტევაში) და 4 პასის დაგროვება მოასწრო. ბეჟანიშვილი მაღალი სიზუსტით ისროდა – მან 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზთან კი სულ 3-ჯერ დადგა და სამივეჯერ ბურთი კალათში მოათავსა. ის შეხვედრის განმავლობაში 2-ჯერ დაჯარიმდა და აღსანიშნავია, რომ ბურთი არ დაუკარგავს. +/- მაჩვენებელი კი +4 ჰქონდა.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველ მეოთხედში 9 ქულით გაქცევის მიუხედავად, მეტოქე „ნაითჰოუკსს“ წამოეწია და ბოლო პერიოდის დაწყებამდე სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბეჟანიშვილის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა არ გაანიავა და 7 ქულით მოიგო.

გუელფ ნაითჰოუკსმა“ რეგულარული სეზონი 10 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა. 4 აგვისტოს პლეი-ოფი დაიწყება, სადაც ასპარეზობას 10 გუნდიდან 8 აგრძელებს – 1-ელი და მე-8 ადგილები ავტომატურად ნახევარფინალში გავლენ და ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ, მე-2 და მე-3 ადგილები მეოთხედფინალიდან ჩაერთვებიან, მე-4, მე-5, მე-6, და მე-7 ადგილზე გასული გუნდები კი მერვედფინალიდან.