ორმაგი დუბლი და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი - ბითაძის სუპერმატჩი „დეტროიტთან“ და „ინდიანას“ გამარჯვება [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში რეგულარული სეზონის შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს და გუნდები თავიანთ მატჩებს მართავენ. სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. რიკ კარლაილის გუნდმა „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და 124-115 დაამარცხა.

გოგა ბითაძეს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ჰქონდა. მან 25:23 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლის გაფორმება მოასწრო. მის ანგარიშზე 14 ქულა, 15 მოხსნა (8 შეტევაში), 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. გოგამ მოხსნებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ქართველმა ახალგაზრდა ცენტრმა 3-დან ერთი სამქულიანი გამოიყენა, ორქულიანებს 100%-იანი სიზუსტით ისროდა და 5-დან 5 ბურთი კალათში მოათავსა, საჯარიმოს ხაზიდან კი 4 მცდელობიდან ერთხელ ჩააგდო. ბითაძე შეხვედრის განმავლობაში 3-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი, +/- მაჩვენებელი კი +8 ჰქონდა.

შეხვედრა „დეტროიტ პისტონსის“ უპირატესობით დაიწყო და გუნდმა პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო. სხვაობის შემცირება „პეისერსმა“ მეორე პერიოდშივე მოახერხა. მესამე მეოთხედი გადამწყვეტი აღმოჩნდა, სადაც რიკ კარლაილის გუნდმა 13 ქულით მოიგო და 9-ქულიანი უპირატესობა სწორედ აქ მოიპოვა.

გოგას გარდა, ორმაგი დუბლები გაიფორმეს ტაირიზ ჰალიბერტონმა (24 ქულა, 10 პასი), ჯეილენ სმითმა (19 ქულა, 15 მოხსნა), სადიქ ბეიმ (20 ქულა, 11 მოხსნა) და აიზია სტიუარტმა (11 ქულა, 16 მოხსნა). ყველაზე შედეგიანი კი 27 ქულით ბენედიქტ მატურინი იყო.

შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ 25 ოქტომბერს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.