ორმაგ დუბლთან ახლოს - ბითაძემ „კლივლენდთან“ 18 წუთში 15 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
ორმაგ დუბლთან ახლოს - ბითაძემ „კლივლენდთან“ 18 წუთში 15 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონი საინტერესოდ მიმდინარეობს და გუნდებმა თავიანთი მორიგი შეხვედრები გამართეს. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ამჯერად „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 124:127 დამარცხდა.

რიკ კარლაილმა ქართველი კალათბურთელის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში გუნდის ახალწვეული აიზია ჯექსონი დააყენა. გოგა პირველსავე მეოთხედში გამოჩნდა, 18:10 წუთი ითამაშა და მიუხედავად მცირე დროისა, თავის გამოჩენა მაინც მოასწრო. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ბითაძის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა (6 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. მან თამაშიდან 10-დან 6 ბურთი გამოიყენა – 4-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 ორქულიანი, საჯარიმოს ხაზთან კი 2-ჯერ დადგა და ერთხელ ზუსტად ისროლა. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. მისი +/- მაჩვენებელი კი +3 იყო, რაც „პეისერსში“ მე-3 საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

 

რაც შეეხება მატჩს, გუნდებმა პირველი ორი მეოთხედი გაცვალეს და დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. მესამე პერიოდში „ინდიანამ“ 8 ქულით მოიგო და უპირატესობა მათ მხარეს იყო, მაგრამ გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც „კავალიერსი“ კარგად გამოიყურებოდა, 11 ქულით მოიგო და ამ სეზონზე 38-ე მოგება გაიფორმა. 41 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესი დარიუს გარლენდი იყო, ორმაგი დუბლი ასევე გაიფორმა ევან მობლიმ, რომელმაც 22 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. „ინდიანას“ მხრიდან ბითაძეს მხოლოდ ტაირის ჰალიბარტონმა აჯობა – მის ანგარიშზე 25 ქულაა.

რიკ კარლაილის გუნდს რეგულარულ სეზონზე 22 მოგება და 45 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას „პეისერსი“ 13 მარტს „სან ანტონიოსთან“ გამართავს.