„ორლანდომ“ „ბოსტონსაც“ მოუგო - ბითაძემ მოედანი პორზინგისთან კონფლიქტის გამო დატოვა [ვიდეო] #1TVSPORT
„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის მოქმედი ჩემპიონი „ბოსტონ სელტიქსი“ „ორლანდოში“ 108:104 დაამარცხა. მართალია, ბოსტონელებს მთავარი ლიდერი, ჯეისონ ტეიტუმი აკლდათ, თუმცა ამ მხრივ ორლანდოელებს უფრო უჭირდათ: ლიდერ პაოლო ბანკეროსთან ერთად ძმები – ფრიც და მორის ვაგნერები აკლდათ. ეს უკანასკნელი „მეჯიქმა“ სეზონის ბოლომდე, ოპერაციის გამო მოისაკლისა.
მოქმედი ჩემპიონის ძლევა ორლანდოელებმა გუნდური თამაშით მოახერხეს. გამოკვეთილად მაღალი შედეგიანობა არავის გამოუჩენია – დროც და ქულებიც თანაბრად გადანაწილდა. გოგა ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ის მეტსაც ითამაშებდა, რომ არა დისკვალიფიკაცია. მიზეზი ლატვიელი ცენტრთან კონფლიქტი გახდა. ბითაძეს და ბოსტონელ კრისტაფ პორზინგისს ხელდახელ შეხლა მოუხდათ. სერიოზული არაფერი, თუმცა დისკვალიფიკაციისთვის საკმარისი კონფლიქტი იყო.
ბითაძემ ორმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. გოგამ 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 7 ორქულიანიდან 4 გამოიყენა. ყველაზე მეტი – 18 ქულა ტრისტან და სილვამ ჩააგდო, ტრეველინ ქუინის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა. ბოსტონელთაგან 35 ქულით საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გახლდათ. დერიკ ვაიტმა და კრისტაფ პორზინგისმა 17-17 ჩააგდეს.