ორი ტრაქტორი და მილანის ინტერი - მოიზე კინის მამა იუვენტუსს საყვედურობს
ორი ტრაქტორი და მილანის ინტერი - მოიზე კინის მამა იუვენტუსს საყვედურობს

იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელის, მოიზე კინის მამა აცხადებს, რომ ტურინულ კლუბს მისთვის დაპირებული ორი ტრაქტორი ჯერ არ მიუცია. მეტიც, შვილის სანახავად სტადიონზე შესასვლელ უფასო ბილეთებსაც კი აღარ აძლევენ.

ბიოროუ ჟან კინი თავისი შვილის ოფიციალური წარმომადგენელი იყო მანამ, სანამ ის იუვენტუსის ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდებოდა, ამის შემდეგ კი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა გახდა. ტურინულ გრანდში შვილის გაშვების სანაცვლოდ, ბიოროუ ჟანს ორი ტრაქტორი მოუთხოვია და იუვენტუსიც ამას დათანხმებულა.

„მოიზეს დედა და მე დაშორებულები ვართ. ადრე ჩემ ცოლს მისი ინგლისში გაშვება სურდა“, – განაცხადა ფეხბურთელის მამამ იტალიური რადიოსთვის (RAI) მიცემულ ინტერვიუში. – „მე კი იუვეს ვუთხარი, რომ ბიჭს იტალიაში დავტოვებდი, თუ ორ ტრაქტორს მომცემდნენ. მითხრეს, პრობლემა არ იქნებაო, მაგრამ ჯერ არ მოუციათ. ახლა უფასო ბილეთებსაც კი აღარ მაძლევენ. მიუხედავად ამისა, მინდა, მოიზე იუვეში სამუდამოდ დარჩეს. მე ბიანკონერის გულშემატკივარი ვარ“.

ბიოროუმ ასევე განაცხადა, რომ მოიზე კინი ბავშვობაში მილანის ინტერს ქომაგობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე მოიზე კინმა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.