ორი საგოლე გადაცემა გოჩოლეიშვილისგან - „შახტარმა“ „ოლექსანდრია“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილმა საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა დონეცკის „შახტარში“, რომელმაც შინ „ოლექსანდრია“ 2:1 დაამარცხა.

უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებს მცველი დონეცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„შახტარმა“ ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა – გოჩოლეიშვილის შესანიშნავი ფლანგური გადაცემით ჯერ დანილო სიკანმა ისარგებლა, ხოლო 31-ე წუთზე ქართველმა მცველმა გადაცემა ჩაჭრა და „ოლექსანდრიას“ კარი ამჯერად ლასინა ტრაორეს ააღებინა. სტუმრებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, საბოლოო შედეგი მე-60 წუთზე დანილ სკორკომ დააფიქსირა – 2:1.

სამი ტურის შემდეგ „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატში შვიდი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი მიმდინარე სეზონში პირველი სასარგებლო ქმედება ჩაიწერა და უკრაინაში გადასვლის შემდეგ ყველაზე შედეგიანი თამაში ჩაატარა.

გოჩოლეიშვილი გასულ სეზონში დონეცკის „შახტარში“ მონაცვლეობით ხან ძირითადში თამაშობდა, ხან შეცვლაზე. ახალ სეზონში კი 22 წლის ქართველი მცველი დონეცკელთა სასტარტო თერთმეტეულის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.