ორი ქართველი კაპიტანი კვიპროსში - ლორიას მეტოქემ და თანაგუნდელებმა თანაბრად გაუტანეს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ლორიამ გიბრალტართან მატჩში ტრავმა მიიღო. დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და გიორგიმ „ანორთოსისში“ კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშა. ლარნაკაში აეკ-თან მისი გუნდი 0:4 დამარცხდა.

25 წლის გამოცდილი მეკარე ფამაგუსტას გუნდში დაბრუნების შემდეგ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიდა. მაგრამ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი მტკივნეული შეხვედრა გამოდგა. ორი გოლი ლარნაკელებმა გაუტანეს, მაგრამ არც თავისიანებმა დააკლეს…

ლორიას ბოლო ორი გოლი თანაგუნდელებმა გაუტანეს – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საკუთარ კარში ოვანეს ამბარცუმიანმა ჩაჭრა. ხოლო მეოთხე გოლზე გიორგიმ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ დიმიტრიოს ხრისტოფს თავში მოხდა და „ანორთოსისმა“ 0:4 წააგო. ავთო ებრალიძე მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა.

ნიქოზიასაპოელმა“ შინ მოქმედი ჩემპიონი ლიმასოლის „აპოლონი“ მიიღო და მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0. „აპოელი“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გიორგი ქვილითაიამ გაიყვანა. მურთაზ დაუშვილი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია, ლაშა დვალი კონდიციების აღდგენას ცდილობს და განაცხადში ვერ მოხვდა.

5 ტურის შემდეგ კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელი“ (8 ქულა) მე-5 პოზიციაზეა, ხოლო ფამაგუსტას „ანორთოსისი“ (7) – მე-9 ადგილზეა.