ორი პოზიციით წინ – საქართველოს საკალათბურო ნაკრების პროგრესი ფიბა-ს რეიტინგში #1TVSPORT
ფიბა-ს მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის განახლებულ „ძალთა თანაფარდობის“ (Power Rankings) რეიტინგში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ორი ადგილით დაწინაურდა და მე-18-დან მე-16 საფეხურზე გადაინაცვლა.
როგორც ფიბას-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდის ეს წინსვლა იმან განაპირობა, რომ გუნდს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილიც დაემატნენ. ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია მომავალი რთული შეხვედრები: პორტუგალიასთან სტუმრად სათამაშოდ გუნდს საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუწევს, მონტენეგროსთან საშინაო მატჩი კი იმითაცაა სახიფათო, რომ მათ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართული ორივე ოფიციალური თამაში (2016 და 2022 წლებში) საქართველომ დათმო.
რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში პოზიციები უცვლელია. სიას სათავეში უდგას თურქეთი, რომელსაც თანმიმდევრობით საფრანგეთი, სერბეთი, პოლონეთი და გერმანია მოჰყვებიან.
საქართველოს ნაკრები 23 აგვისტოს ამხანაგურ მატჩს თბილისში ისრაელთან ჩაატარებს. 28 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჯიკიჩის გუნდი მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს პორტუგალიას ეწვევა. სამივე მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო – ისრაელი | 23 აგვისტო, 19:15 საათი
საქართველო – მონტენეგრო | 28 აგვისტო, 19:15 საათი
პორტუგალია – საქართველო | 31 აგვისტო, 22:00 საათი