ორი გუნდი ზივზივაძისთვის - ბუდუს ისევ უნგრეთში იწვევენ #1TVSPORT
ორი გუნდი ზივზივაძისთვის - ბუდუს ისევ უნგრეთში იწვევენ #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძეს ორი უნგრული გუნდი იჯარით გადასვლას სთავაზობს – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„ბუდუ ზივზივაძის ბევრ გუნდში იწვევდნენ ზაფხულში, მაგრამ მასში „ფეჰერვარი“ დიდი თანხას ითხოვდა. ბუდუს ახლაც ველაპარაკე და ცხადია, მეტი სათამაშო დრო სჭირდება. მას ახლა უნგრეთის ორი გუნდიდან აქვს წინადადება, სადაც იჯარით იწვევენ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

ცნობილი მენეჯერის თქმით, საქართველოს ნაკრების კანდიდატ თავდამსხმელს ჩავარდნა ობიექტური მიზეზების გამო ჰქონდა:

„ბუდუს ჰქონდა ტრავმა, შემდეგ კორონავირუსი, იყო სხვა პრობლემებიც, მაგრამ ისევ პროფესიონალურად ვარჯიშობს და იმედი აქვს, რომ მალე ფორმაში შევა. დარწმუნებული ვარ, ამ ჩავარდნას წარსულში დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა ჟურნალისტმა სიკორამ ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნგრული „ფეჰერვარის“ ქართველ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთის ჩემპიონატის გუნდი ვროცლავის „შლიონსკი“ იწვევს.

ბუდუ ზივზივაძის უნგრული კარიერა შესანიშნავად დაიწყო -„მეზოკოვეშდსა“ და შემდეგ „ფეჰერვარში“ ქართველი თავდამსხმელი შედეგიანად თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჯერ ტრავმის გამო გაუცდა დრო, შემდეგ კორონავირუსი ჰქონდა – 27 წლის თავდამსხმელმა მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა და ჯერ-ჯერობით, მის ანგარიშზე სულ 2 გოლია.