ორი „დინამოს“ შეხვედრა ფრედ დასრულდა #1TVSPORT
ორი „დინამოს“ შეხვედრა ფრედ დასრულდა #1TVSPORT

„ბათუმი არენაზე“ გამართული ეროვნული ლიგის ლიდერების, ბათუმისა და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2.

26-ე ტურის შეხვედრა ბათუმელებმა კარგად დაიწყეს და მე-4 წუთზე ანგარიში გახსნეს. სწრაფი კონტრშეტევა პაატა ღუდუშაურმა ლადო მამუჩაშვილს გაუგრძელა, რომელმაც მახვილი კუთხიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა და ბათუმელები დააწინაურა.

თუმცა თბილისელთა ესპანელმა მცველმა კადეტემ, რომელიც სადებიუტო თამაშს ატარებდა, 37-ე წუთზე დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. 52-ე წუთზე კი, თბილისელების სწრაფი კონტრშეტევისას ოსეი ბარნსმა გიორგი ხარაიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა და თბილისელები დააწინაურა – 1:2.

ბათუმელებს მეორე ტაიმში ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ. პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა შეასრულა – „დინამო თბილისის“ მეკარემ ეს დარტყმაც მოიგერია, დამატებაზე ჯოვინო ფლამარიონის თავურიც და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

თუმცა მასპინძლებმა მეორე გოლი მაინც გაიტანეს. 73-ე წუთზე, ცოტნე ფაცაციას გადაცემით, თბილისელთა საჯარიმოში პაატა ღუდუშაური შევარდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:2.

26 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 56 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, „დინამო თბილისი“ (49) კი მეორე ადგილზეა და „საბურთალოსთან“ სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა.