ორი „დინამო“ ერთმანეთის პირისპირ - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ტურის ცენტრალური მატჩის მოლოდინში
ორი „დინამო“ ერთმანეთის პირისპირ - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ტურის ცენტრალური მატჩის მოლოდინში

დღეს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ მე-12 ტურის თამაშები იწყება. პირველი შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ კომპლექსში, „რუსთავი“ გათამაშების ლიდერს, „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

მნიშვნელოვანი იქნება შაბათს, 11 მაისს, ბოლნისის „თამაზ სტეფანიაზე“ დაგეგმილი მატჩი, სადაც ადგილობრივი „სიონი“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქულები ორივეს სჭირდება და დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი.

„მიხეილ მესხზე“ საჩხერეს „ჩიხურა“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ მიიღებს და სამეულთან ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება, სტუმრებს კი გამარჯვება ცხრილის შუაში დასამკვიდრებად და აუტსაიდერთა ზონიდან თავის დასაღწევად სჭირდებათ.

ტურის ცენტრალური შეხვედრა ანგისას ბაზაზე დაიგეგმა, სადაც მეორეადგილოსანი ბათუმის „დინამო“ მესამეზე მყოფ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს. საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული 55 მატჩიდან 39-ჯერ თბილისელებმა გაიმარჯვეს, რვა ფრედ დასრულდა, ხოლო რვა ზღვისპირელთა წარმატებით დასრულდა – გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი თბილისელთა სასარგებლოდაა – 115:46.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს ბათუმში გაიმართა. არჩილ არველაძის ჰეთთრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით თბილისელებმა 2012 წლის 11 ნოემბერს მოიგეს. ყველაზე დიდი ანგარიშით ბათუმელებმა 2004 წელს გაიმარჯვეს – 3:0.

თბილისის „დინამომ“  მეტოქე ყველაზე დიდი ანგარიშით 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს – 7:0. ბოლოს ორი „დინამო“ ერთმანეთს თბილისში, „დინამო არენაზე“, წელს შეხვდა – მატჩი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 0:1.

პარასკევი, 10 მაისი

ლოკომოტივი – ტორპედო

19:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

რუსთავი – საბურთალო

21:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

შაბათი, 11 მაისი

სიონი – დილა

16:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

ჩიხურა – ვიტ ჯორჯია

19:00. მიხეილ მესხი – თბილისი

დინამო ბთ – დინამო თბ

21:00. ანგისა – ბათუმი