ორჰან ინანდის გატაცებასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს
ორჰან ინანდის გატაცებასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს

თურქეთის დაზვერვის აგენტების მიერ ყირგიზეთიდან ორჰან ინანდის გატაცების გამო, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ 24.kg იუწყება.

მედიის ცნობოთ, ორჰან ინანდი ყირგიზეთის საგანმანათლებლო ქსელის, „საპატის“ ხელმძღვანელია, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერად ასახელებს.

თურქეთში „ფეტო“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და თურქეთი გიულენს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს. თურქული სპეცსამსახურების ოპერაციასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩს, ახმეთ დოგანს საპროტესტო ნოტა გადასცეს.

ორჰან ინანდი მიმდინარე წლის 31 მაისს გაუჩინარდა და მისმა მეუღლემ, რეიჰან ინანდიმ ყირგიზეთის პრეზიდენტს, სადირ ჟაპაროვს დახმარების თხოვნით სამჯერ მიმართა. ორჰან ინანდის გაუჩინარების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „ადამიანის გატაცების“ მუხლით აღიძრა. ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჟაპაროვის განცხადებით, საკითხი თურქეთთან უკვე განიხილება და ყირგიზეთი ორჰან ინანდის დაბრუნებას მოითხოვს.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი მოქმედება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს არღვევს, რაც მიუღებელია. 5 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ დაზვერვის აგენტებმა ორჰან ინანდი შეიპყრეს და თურქეთში ჩაიყვანეს.