„ორდაბასის“ პრეზიდენტი - ცხადაძე არ გაგვიშვია, ის ადრინდელივით სრული ნდობით სარგებლობს
„ორდაბასის“ პრეზიდენტი - ცხადაძე არ გაგვიშვია, ის ადრინდელივით სრული ნდობით სარგებლობს

„კახა ცხადაძეს ვენდობით და არსად არ მიდის,“ – ასე გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბ შიმკენტის „ორდაბასის“ პრეზიდენტი ბახტიარ ბაისეტოვი გუნდის მთავარ მწვრთნელზე აგორებულ ჭორებს.

შიმკენტის „ორდაბასმა“, რომელსაც კახა ცხადაძე ავარჯიშებს, ყაზახეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო – ერთი მოგება, ამდენივე ფრე და ორი წაგება. ეს ორი მარცხიც გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში განიცადა. ამის შემდეგ ხმები გავრცელდა, რომ ქართველ მთავარ მწვრთნელს თანამდებობიდან ხსნიდნენ.

„ორდაბასის“ პრეზიდენტმა ქართველი მწვრთნელის მიმართ ნდობა გამოხატა

„ჩვენს გუნდში მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესახებ გავრცელდა ჭორები. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ კახა ცხადაძე, როგორც ადრე, სრული ნდობით სარგებლობს. ჩვენ სხვა სპეციალისტებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. გასულ სეზონში გუნდმა, კახას ხელმძღვანელობით, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ყაზახეთის უძლიერეს კლუბებს შორის ადგილი დავიმკვიდრეთ,“ – ამბობს შიმკენტის „ორდაბასის“ პრეზიდენტი.

ბახტიარ ბაისეტოვის ცნობით, მიმდინარე სეზონში, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა კლუბი რთულ მდგომარეობაში იყო, მათ შორის – შიმკენტის „ორდაბასიც“ – „ახლა ჩემპიონატი მეორედ შეჩერდა, სრულყოფილი ვარჯიშების ჩატარება არ შეგვიძლია. ეს ყველაფერი და მრავალი სხვა ფაქტორი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს შედეგზე და თავად თამაშზე. მხოლოდ ოთხი ტური გავიდა და ჯერ კიდევ ნაადრევია დასკვნის გაკეთება. გუნდის მენეჯმენტი თანამიმდევრულობის და სტაბილურობის პრინციპებს ვიცავთ. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ სამწვრთნელო შტაბში რაიმე ცვლილებას არ ვგეგმავთ“.